საქართველო „OGP“ ის თავმჯდომარეობას 2017 წლის სექტემბრიდან გადაიბარებს - სამდივნო ქვეყნის ხედვებს ეცნობა

თარიღი: 04 აპრილი 2017
საქართველოში ვიზიტით მყოფმა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) სამდივნოს წარმომადგენლებმა „ღია მმართველობა − საქართველოს“ ფორუმის შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.

ფორუმის წევრმა სამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ერთობლივად განიხილეს საქართველოს გეგმები პარტნიორობის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, საქართველო „OGP“-ის 2017 წლის სექტემბრიდან უხელმძღვანელებს.

შეხვედრას „OGP“-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ჯო პაუელი და სამოქალაქო საზოგადოების მიმართულების დირექტორი პოლ მაასენი ესწრებოდნენ.  შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს, როგორც „OGP“-ის მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის, ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ პრიორიტეტებზე.  

„OGP“-ის სამდივნოს წარმომადგენლები საქართველოს 3 აპრილს ეწვივნენ. მათი მთავარი მიზანია, მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად განიხილონ საქართველოს, როგორც პარტნიორობის მომავალი თავმჯდომარის, პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები.

„ღია მმართველობა − საქართველოს“ ფორუმი მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის მუდმივმოქმედი მექანიზმია და პარტნიორობის მიერ საუკეთესო პრაქტიკადაა მიჩნეული.

„OGP“-ის წარმომადგენლები, ასევე, შეხვდებიან „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ ჩართული უწყებების ხელმძღვანელ პირებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან, საქართველოს პარლამენტიდან და თბილისის მერიიდან. ამ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებიც.

ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც 2011 წელს OGP- შეუერთდა და არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმაც განახორციელა. საქართველოს მთავრობას OGP-ის მმართველ კომიტეტში იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს.

ღია მმართველობის პარტნიორობის პროცესებს ეროვნულ დონეზე იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს. უწყება კოორდინაციას უწევს ღია მმართველობის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებას, ქვეყნის მასშტაბით საჯარო კონსულტაციების გამართვას, ღია მმართველობა საქართველოს“ ფორუმის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოებასთან ინტენსიური კონსულტაციების წარმართვას.

საქართველოს, როგორც პარტნიორობის მონაწილე ქვეყნის, წარმატების დადასტურებაა ის, რომ 2014 წელს იგი OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად, ხოლო 2016 წელს თანათავმჯდომარე სახელმწიფოდ აირჩიეს. 2017 წლის სექტემბრიდან საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყანა გახდება ერთი წლის ვადით.