საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის იმპლემენტაციის 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

თარიღი: 04 აპრილი 2017
იუსტიციის სამინისტროში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბარამიძე უძღვებოდა. კომისიის წევრებმა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის იმპლემენტაციის 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.

როგორც იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სხდომაზე აღნიშნა, გასულ წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ქართული კანონმდებლობის შესაბამისობაში მოსაყვანად საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სტანდარტებთან. მან ისაუბრა სხვადასხვა ნორმატიულ აქტში განხორციელებულ ცვლილებებზე, აგრეთვე, კანონპროექტებზე „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ“ და ე. წ.  ემბლემების შესახებ.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საზოგადოების ინფორმირებულობის მნიშვნელობას ჰუმანიტარული სამართლის კუთხით და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრო იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან ერთად ყოველწლიურად ატარებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სტუდენტურ შეჯიბრს, რომელიც მიმდინარე წელსაც გაიმართება.

კომისიის წევრებმა ჰუმანიტარული სამართლის კუთხით არსებული სამომავლო ამოცანები განიხილეს, იმსჯელეს კონკრეტულ აქტივობებზე და  საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის იმპლემენტაციის 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს, რომელიც მათ უწყებათაშორისი კომისიის მდივანმა ქეთევან სარაჯიშვილმა წარუდგინა.

უწყებათაშორისი კომისიის სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის კომისია უწყებათაშორისი ორგანოა, რომლის მიზანია ჰუ­მან­­ტა­რული სამართლის ნორმათა დაცვის ხელშეწყობა, მათი ინტეგ­რა­ცია ეროვნულ კანონმდებლობაში­ და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სფეროში შესაბამისი უწ­ყებების საქმიანობის კოორდინაცია.