საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემია: „საქართველო იდეალური ადგილია ანტიკორუფციული ღონისძიებების ეფექტიანი იმპლემენტაციისა და პრაქტიკული მაგალითების გასაცნობად“

თარიღი: 10 აპრილი 2017
ავტორიტეტული საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის (IACA) სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები დასკვნით სემინარებს საქართველოში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაივლიან. „IACA“-ს დელეგაცია და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები უკვე თბილისში იმყოფებიან. დელეგაცია დღეს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ბარამიძემ მიიღო. აკადემია, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით მსოფლიო მასშტაბის პროფესიონალებს ამზადებს, სასწავლო პროგრამებში „საქართველოს ანტიკორუფციული რეფორმების“ შესახებ მომზადებულ წიგნსაც გამოიყენებს როგორც კორუფციის პრევენციის წარმატებულ მაგალითს.

ანტიკორუფციული აკადემიის აკადემიური პროგრამების დირექტორ ელენა ჰელმერის განცხადებით, გადაწყვეტილება სამაგისტრო პროგრამის დასკვნითი მოდულის საქართველოში ჩატარების თაობაზე განპირობებულია „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესით, რის გამოც საქართველო იდეალური ადგილია აკადემიის სტუდენტებისთვის ანტიკორუფციული ღონისძიებების ეფექტიანი იმპლემენტაციის მეთოდებისა და პრაქტიკული მაგალითების გასაცნობად“.
სამაგისტრო პროგრამის დასკვნითი ნაწილის მიმდინარეობის პარალელურად, „IACA“-ს საერთაშორისო ექსპერტები ქართველი სპეციალისტებისათვისაც ჩაატარებენ ტრენინგებს. სემინარებზე დასწრება ანტიკორუფციული საბჭოს წევრებს შეეძლებათ, რომელთა შორის არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო უწყებების, აგრეთვე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ანტიკორუფციული აკადემიის  დელეგაცია თბილისის იუსტიციის სახლს და იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის ოფისსაც ეწვევა; შეხვედრები იგეგმება, ასევე, საქართველოს პარლამენტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში.
საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემია მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სასწავლო დაწესებულებაა კორუფციასთან ბრძოლის საკითხებში. მისი მიზანი კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არსებული გამოწვევების ანალიზი, საუკეთესო პრაქტიკის იდენტიფიკაცია და სფეროს პროფესიონალების მომზადებაა. სამაგისტრო პროგრამები სპეციალურად კორუფციასთან ბრძოლისა და მისი პრევენციის თემებზეა შექმნილი.