ანტიკორუფციული საბჭოს სხდომაზე განახლებული ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

თარიღი: 25 აპრილი 2017
ანტიკორუფციულმა საბჭომ, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბარამიძე  ხელმძღვანელობს, ანტიკორუფციული სტრატეგია და ახალი, 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნომ განახლებული ანტიკორუფციული სტრატეგია და ახალი, 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა; 2015-2016 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შესრულების პროგრესისა და მონიტორინგის ანგარიშები, აგრეთვე,  ანტიკორუფციული პოლიტიკისა და სამართლებრივი ბაზის შესახებ საჯარო მოხელეთა საერთო ტრენინგგეგმა წარმოადგინა. 
ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მომზადებულია სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო მისიების რეკომენდაციების გათვალისწინებით. ახალ სტრატეგიულ დოკუმენტებში ასახულია ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO), „ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელისა“ (OECD-ACN) და არასამთავრობო (TI, IDFI, GYLA) ორგანიზაციების რეკომენდაციები.
ახალი სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს:
  • საჯარო სამსახურში სამართლიანი ანაზღაურების სისტემის დანერგვას;
  • ანტიკორუფციულ საკითხებზე საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავებას;
  • პროკურორთა ანაზღაურებისა და წახალისების გამჭვირვალე და ობიექტური სისტემისა და პერიოდული შეფასების მექანიზმის დანერგვას; აგრეთვე, პროკურორთა და მოსამართლეთა ეთიკის, ინტერესთა კონფლიქტისა და შეუთავსებლობის მარეგულირებელი ნორმების დახვეწას;
  • მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების ელექტრონული პროგრამის დანერგვასა და მოსამართლეთა დამატებითი ანაზღაურების ბონუსების საკითხის გადაწყვეტას;
  • „საქართველოს საარჩევნო კოდექსისა“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის სანქციების ჰარმონიზაციასა და პროპორციულობის უზრუნველყოფას; ყველა სახის ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენების თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას; პოლიტიკური პარტიების/საარჩევნო სუბიექტების ანგარიშვალდებულებების პროცესის დახვეწას;
  • ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის მიღებას;
  • ყველა მუნიციპალიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახსრების მართვის ინტეგრირებას საჯარო ფინანსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
  • ბიზნესის კეთილსინდისიერების საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის;
  • ჯანმრთელობის დაცვის  სახელმწიფო პროგრამების გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით ადმინისტრირების მექანიზმების დახვეწას;
  • მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს გაძლიერებას;
  • მშენებლობის  მაკონტროლებელი ორგანოების კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესებას და სხვ.
ანტიკორუფციული საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები: საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები; ასევე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.