საქართველოს ინიციატივით გაერო-ს სათავო ოფისში კორუფციის პრევენციის თემაზე ღონისძიება გაიმართა

თარიღი: 28 აპრილი 2017
იუსტიციის სამინისტროს დელეგაციამ გაერო-ში საქართველოს ინიციატივით მიმდინარე ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომლის მთავარი თემა კორუფციისაგან თავისუფალი ინსტიტუტებია.
 
საქართველოს გამოცდილება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და მისი პრევენციის საკითხებზე გაერო-ს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ სანიკიძემ წარუდგინა. პრეზენტაციის მთავარი თემა კორუფციის პრევენციის საქმეში ღია და გამჭვირვალე სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის როლი იყო. შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს კოსტა-რიკის, ყატარის, სიერა-ლეონესა და სინგაპურის მუდმივმა წარმომადგენლებმა გაერო-ში, აგრეთვე, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ.
 
ღონისძიება გაერო-ს მდგრადი განვითარების მე-16 მიზანს ეხმაურება, რომელიც მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების განვითარებას, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობას გულისხმობს. მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მხარდაჭერის მიზნით 2016 წლის 19 სექტემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიის ფარგლებში ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც უმასპინძლა. გიორგი კვირიკაშვილმა მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნის დელეგაციას საქართველოს წარმატებები გააცნო ღია მმართველობისა და საჯარო ადმინისტრაციის რეფორმირების სფეროებში.
 
დოკუმენტზე − „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“  − გაერო-ს წევრი 193 ქვეყანა 2015 წელს შეთანხმდა. შეთანხმება 17 მიზანსა და  169 ამოცანას მოიცავს, რომელთა შორის ერთ-ერთი ეფექტური, ანგარიშვალდებული და ღია ინსტიტუტების მშენებლობაა.
 
ღონისძიებას გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე უძღვებოდა. საქართველოსთან ერთად ღონისძიების თანაორგანიზატორები იყვნენ დანიის, კოსტა-რიკის, ყატარის, სინგაპურისა და სიერა-ლეონეს მუდმივი წარმომადგენლობები გაერო-ში, აგრეთვე, გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP) და  ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო (UNODC).