თეა წულუკიანმა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის თავმჯდომარე მიიღო

თარიღი: 10 მაისი 2017
თეა წულუკიანმა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის თავმჯდომარე მიიღო. იუსტიციის მინისტრმა  ხოსე მარკენიო დე ლანოს საქართველოში ჩამოსვლა მიულოცა და კმაყოფილება გამოთქვა, რომ საერთაშორისო კავშირმა თავისი გენერალური საბჭოს სხდომის ადგილად სწორედ საქართველო შეარჩია. შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე ბარამიძე და გიორგი პატარიძე, ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე ნინო ხოფერია, აგრეთვე, ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპის ქვეყნების ვიცეთავმჯდომარე სიგრუნ ერბერ ფალერი. საუბარი შეეხო თანამედროვე მსოფლიოში ნოტარიატის წინაშე მდგარ გამოწვევებს, რომელთა დასაძლევადაც ყველა ქვეყანა დგამს ნაბიჯებს. იუსტიციის მინისტრმა კავშირის თავმჯდომარეს ამ გამოწვევათა დასაძლევად საქართველოში გადადგმული ნაბიჯების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და გააცნო ის რეფორმები, რომლებიც გატარდა და მომავალში გატარდება; სტუმარს, ასევე, ესაუბრა ნოტარიატში ბლოკჩეინის სისტემის, როგორც დამატებითი სერვისის, დანერგვის შესახებ.

ხოსე მარკენიო დე ლანომ  სანოტარო სისტემაში მიმდინარე რეფორმები პოზიტიურად შეაფასა  და საქართველოს ნოტარიატის კონტინენტური სისტემის განვითარება მიულოცა.

ხოსე მარკენიო დე ლანო საქართველოში ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის გენერალური საბჭოს სხდომის ფარგლებში იმყოფება, რომელსაც საქართველოს ნოტარიუსთა პალატა მასპინძლობს. გენერალური საბჭოს სხდომას 90-მდე ქვეყნის 200-მდე ნოტარიუსი ესწრება. ვიზიტის ფარგლებში უკვე შედგა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან. დაგეგმილია ვიზიტი უზენაეს სასამართლოში.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა 2007 წლიდან ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრია. 2016 წელს ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპულ საქმეთა კომისიის მე-6 პლენარულ სხდომაზე საქართველო კავშირის ერთ-ერთ აქტიურ წევრ ქვეყნად გამოაცხადეს. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა არა მხოლოდ სისტემატურად მონაწილეობს  საერთაშორისო შეხვედრებსა და კონფერენციებში, ითვალისწინებს ლათინური ნოტარიატის კავშირის რეკომენდაციებს, არამედ მასპინძლობს კიდეც კონფერენციებს. გასულ წელს საქართველოში ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი კონფერენცია წარმატებით ჩატარდა უშუალოდ იუსტიციის მინისტრის ინიციატივითა და ძალისხმევით. ევროპულ საქმეთა კომისიის მე-6 პლენარულ სხდომაზე მინისტრს მადლობაც გადაუხადეს სტუმრებისადმი გამოჩენილი ყურადღებისთვის.