ხონში იუსტიციის სახლი აშენდება

თარიღი: 11 ივლისი 2017
ერთ სივრცეში სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისის მიღებას ხონის  მოსახლეობაც შეძლებს. უახლოეს მომავალში  ქალაქ ხონში იუსტიციის სახლის  მშენებლობა დაიწყება. ის ადგილი, სადაც იუსტიციის სახლის მშენებლობაა დაგეგმილი, 11 ივლისს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოინახულა.

ხონის იუსტიციის სახლი 920 კვ. მეტრი იქნება და ის 2000 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთზე აშენდება. მისი პროექტი არქიტექტორ ლუკა ჩაგანავას ეკუთვნის. იუსტიციის სახლში 8 პირი დასაქმდება.

ხონის იუსტიციის სახლი 22-ე იუსტიციის სახლი იქნება, რომელიც მომხმარებელს მაღალი ხარისხის, სწრაფ და კომფორტულ მომსახურებას შესთავაზებს. სერვისების მიღება აქაც მინიმალურ დროსა და კეთილმოწყობილ გარემოში იქნება შესაძლებელი. დღეისათვის იუსტიციის სახლის სერვისით სარგებლობა შესაძლებელია თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, რუსთავის, მარნეულის, მესტიის, ახალციხის, ყვარლის, თელავის, გურჯაანის, ოზურგეთის, გორის, თიანეთის, ყაზბეგის, ბორჯომის, ლაგოდეხის, ონის იუსტიციის სახლებში.

ახალქალაქში იუსტიციის სახლის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება და ის რიგით მეოცე ფილიალი იქნება, 21-ე იუსტიციის სახლი კი მარტვილში აშენდება. მისთვის შერჩეული ადგილი იუსტიციის მინისტრმა გასულ კვირას მოინახულა.