ქუთაისის ცენტრალური არქივის ახალი შენობა დღეს გაიხსნება

თარიღი: 12 ივლისი 2017
ქვემო ქართლის რეგიონული არქივი რუსთავში; კახეთის რეგიონული არქივი თელავში; სამეგრელოს რეგიონული არქივი ზუგდიდში; ეროვნული არქივის პავილიონი თბილისში; ქუთაისის ცენტრალური არქივის შენობა, რომელიც დღეს საზეიმოდ გაიხსნება − ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ ინფრასტრუქტურული პროექტებისა, რომლებიც ეროვნული არქივის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის ბოლო 4 წლის განმავლობაში განხორციელდა.

ქუთაისის ცენტრალური არქივი გამორჩეულია საკუთარი ფონდებითა და კოლექციებით აქ დაცულია დოკუმენტები მეთვრამეტე საუკუნიდან დღემდე და მათი დაცვისათვის სათანადო პირობების შექმნა მომავალი თაობებისათვის საარქივო საგანძურის შემონახვას ემსახურება.

გარდა იმისა, რომ ქუთაისს კიდევ ერთი ლამაზი შენობა შეემეტა, ქუთაისის ცენტრალურ არქივს პირველად აქვს ახალი შენობა, რომელიც დაპროექტებული და აგებულია საგანგებოდ საარქივო საჭიროებისათვის. შენობის არქივსაცავები მოწყობილია საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით თანამედროვე ვენტილაცია-კონდიცირებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით. 

ქუთაისის ცენტრალური არქივი 1921 წელს ჩამოყალიბდა. ამჟამად აქ დაცულია XVIII საუკუნიდან დღემდე შექმნილი დოკუმენტები ქუთაისის ქალაქის მმართველობის (1875-1919 წლები), ქუთაისის გუბერნიის სამმართველოს (1846-1918 წლები), ქუთაისის სათავადაზნაურო დეპუტატთა საკრებულოს (1837-1917 წლები), იმერეთის ეპარქიული კანცელარიის (1819-1921 წლები) და სხვა ფონდები. უნიკალურ დოკუმენტებს შორის შეხვდებით იმერეთის მეფეების სოლომონ პირველისა და სოლომონ მეორეს სიგელებსა და წყალობის წიგნებს; მოსახლეობის აღწერის მასალებს; ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, კონსტანტინე გამსახურდიას, გრიგოლ რობაქიძის, გალაკტიონ ტაბიძისა და სხვათა ავტოგრაფებს; ქუთაისის კლასიკური და ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიების დაარსების ამსახველ დოკუმენტებს და სხვა მასალას.

ქუთაისის ცენტრალურ არქივის თანამედროვე სტანდარტების საცავებში თავს მოიყრის ქუთაისის, წყალტუბოს, სამტრედიის, ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, ხონის, ვანის, ბაღდათის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის 4334 საარქივო ფონდის 905 432 საქმე.

ეროვნული არქივის მხარდაჭერა პრიორიტეტულ მიმართულებად იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 2012 წლის მიწურულს გამოაცხადა. უახლოეს წარსულში ეროვნული არქივის ინფრასტრუქტურული ბაზა მისი არსებობის განმავლობაში პირველად განახლდა და გაიზარდა. ბოლო ათწლეულებში პირველად აშენდა ეროვნული არქივის ახალი თანამედროვე შენობა რუსთავსა (ქვემო ქართლის რეგიონული არქივი) და ქუთაისში (ქუთაისის ცენტრალური არქივი);  2016 წელს გაიხსნა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი, სადაც ფუნქციონირებს მედიათეკა, ბრენდირებული პროდუქციის მაღაზია და კაფე; სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და თანამედროვედ აღიჭურვა არქივის შენობები ზუგდიდსა და თელავში.