იუსტიციის მინისტრმა ქუთაისის ცენტრალური არქივის ახალი შენობა გახსნა

თარიღი: 12 ივლისი 2017
სამი სრულიად ახალი და ორი რეკონსტრუირებული შენობა ეროვნული არქივის ინფრასტრუქტურას ბოლო 4 წლის განმავლობაში შეემატა. საარქივო საგანძურის დაცვაზე ზრუნვა და რეგიონებში არქივისათვის ახალი შენობების მშენებლობა გრძელდება. დღეს იუსტიციის მინისტმა თეა წულუკიანმა საზეიმოდ გახსნა ქუთაისის ცენტრალური არქივის შენობა, სადაც ერთ მილიონამდე საარქივო საქმე თანამედროვე სტანდარტების საარქივო საცავებში განთავსდება.
ქუთაისის ცენტრალური არქივი გამორჩეულია საკუთარი ფონდებითა და კოლექციებით − აქ დაცულია დოკუმენტები მეთვრამეტე საუკუნიდან დღემდე და მათი დაცვისათვის სათანადო პირობების შექმნა მომავალი თაობებისათვის საარქივო საგანძურის შემონახვას ემსახურება.
გარდა იმისა, რომ ქუთაისს კიდევ ერთი ლამაზი ნაგებობა შეემეტა, ქუთაისის ცენტრალურ არქივს პირველად აქვს ახალი შენობა, რომელიც დაპროექტებული და აგებულია საგანგებოდ საარქივო საჭიროებისათვის. შენობის არქივსაცავები მოწყობილია საერთაშორისო ნორმების შესაბამისი თანამედროვე ვენტილაცია-კონდიცირებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით. შენობის გახსნის ცერემონიაზე სტუმრებისათვის მოეწყო საზაფხულო კინოდარბაზი, სადაც ნაჩვენები იყო ეროვნულ არქივში დაცული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმები „ზღარბი“ და „ბებრები“.
ქუთაისის ცენტრალური არქივი 1921 წელს ჩამოყალიბდა. ამჟამად აქ დაცულია XVIII საუკუნიდან დღემდე შექმნილი დოკუმენტები − ქუთაისის ქალაქის მმართველობის (1875-1919 წლები), ქუთაისის გუბერნიის სამმართველოს (1846−1918 წლები), ქუთაისის სათავადაზნაურო დეპუტატთა საკრებულოს (1837-1917 წლები), იმერეთის ეპარქიული კანცელარიის (1819-1921 წლები) და სხვა ფონდები. უნიკალურ დოკუმენტებს შორის შეხვდებით იმერეთის მეფეების − სოლომონ პირველისა და სოლომონ მეორეს სიგელებსა და წყალობის წიგნებს; მოსახლეობის აღწერის მასალებს; ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, კონსტანტინე გამსახურდიას, გრიგოლ რობაქიძის, გალაკტიონ ტაბიძისა და სხვათა ავტოგრაფებს; ქუთაისის კლასიკური და ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიების დაარსების ამსახველ დოკუმენტებს და სხვა მასალას.
ქუთაისის ცენტრალურ არქივის თანამედროვე სტანდარტების საცავებში თავს მოიყრის ქუთაისის, წყალტუბოს, სამტრედიის, ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, ხონის, ვანის, ბაღდათის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის 4 334 საარქივო ფონდის 905 432 საქმე.
ეროვნული არქივის მხარდაჭერა პრიორიტეტულ მიმართულებად იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 2012 წლის მიწურულს გამოაცხადა. ბოლო წლებში ეროვნული არქივის ინფრასტრუქტურული ბაზა მისი არსებობის განმავლობაში პირველად განახლდა და გაიზარდა. ბოლო ათწლეულებში პირველად აშენდა ეროვნული არქივის ახალი და თანამედროვე შენობა რუსთავში (ქვემო ქართლის რეგიონული არქივი) და ქუთაისში (ქუთაისის ცენტრალური არქივი); 2016 წელს გაიხსნა ეროვნულ არქივის საგამოფენო პავილიონი, სადაც ფუნქციონირებს მედიათეკა, ბრენდირებული პროდუქციის მაღაზია და კაფე; სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და თანამედროვედ აღიჭურვა არქივის შენობები ზუგდიდსა და თელავში