საქართველოს პარლამენტმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის გზაზე შემდგომი წინსვლის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

თარიღი: 26 ივლისი 2017
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული და ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მოწონებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ნარკოპოლიტიკის ნაწილობრივ ლიბერალიზაციას ითვალისწინებს.

ცლილებების თანახმად, უქმდება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა  დიდ ოდენობამდე  მცენარე კანაფის, ნედლი და გამომშრალი მარიხუანის შეძენა, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნისა და მოხმარებისათვის. ამასთან აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებები არ ითვალისწინებს მარიხუანისა და მცენარე კანაფის მოხმარების დეკრიმინალიზაციას.
ცვლილებების თანახმად, დიდ ოდენობამდე გამომშრალი მარიხუანის, ნედლი მარიხუანისა და მცენარე კანაფის უკანონო შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების შემთხვევაში შეუძლებელი ხდება ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება.

გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსში გათვალისწინებული ცვლილება  გამორიცხავს ნარკოტიკულ საშუალებათა - 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის, 140 გრამამდე ნედლი მარიხუანისა და 140 გრამამდე მცენარე კანაფის შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან  პირადი მოხმარებისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას. თუმცა, ამ ქმედებებისათვის თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ იქნება იმ შემთხვევაში, თუ ხსენებული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობა დიდი (140 გრამიდან მცენარე კანაფი, 70 გრამიდან გამომშრალი და 140 გრამიდან ნედლი მარიხუანა)  ან განსაკუთრებით დიდია (750 გრ მცენარე კანაფი, 500 გრამი გამომშრალი მარიხუანა და 1000 გრამი ნედლი მარიხუანა)  .
-
შესაბამისი ცვლილებები შევიდა საქართველოს სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, აგრეთვე, კანონებში: „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“; „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“; „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“.

 წარმოდგენილი ცვლილებები ეხმიანება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ბოლო ხანებში მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომელთა თანახმად, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას 70 გრამამდე გამომშრალი და 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით უკანონო შეძენისა და შენახვის გამო, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანის უკანონო დამზადების, შეძენისა და შენახვის, ასევე, ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების გამო.
 
თუმცა, აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნებზე კიდევ უფრო შორს წავიდა, რადგან ლიბერალური პოლიტიკა ვრცელდება მარიხუანისა და მცენარე კანაფის არა მხოლოდ უკანონო შეძენასა და შენახვაზე, არამედ გადაზიდვასა და გადაგზავნაზე, გაცილებით უფრო ლიბერალური სანქციები შემოდის მარიხუანისა და მცენარე კანაფის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების შემთხვევებშიც. კერძოდ, დიდი ოდენობის შემთხვევაში, სხვა სანქციებთან ერთად, შეიძლება გამოყენებულ იქნეს თავისუფლების აღკვეთა სამ წლამდე ვადით (ნაცვლად მოქმედი 4-7 წლისა), ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობის დროს − 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა (ნაცვლად მოქმედი 6-12 წლისა).

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მუშაობა ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში 2013 წლიდან დაიწყო, თუმცა, პროცესი მრავალი სირთულის ფონზე მიმდინარეობდა. დღემდე გატარდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება:
  • ერთმანეთისგან გაიმიჯნა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ერთი მხრივ, ნარკოტიკული საშუალებების შეძენის, შენახვის და სხვა ამგვარი ქმედებებისათვის, ხოლო მეორე მხრივ, მათი გასაღებისათვის;
  • „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებით შეიქმნა აღნიშნული ნივთიერებების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი მექანიზმი;
  • ზედოზირების შემთხვევაში გაუქმდა სამართალდამცავი ორგანოების შეტყობინების ვალდებულება სამედიცინო პერსონალის მხრიდან, რითაც მოიხსნა სასწრაფო დახმარების გამოძახების შემაკავებელი ფაქტორი;
  • სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ განხორციელებული ეფექტიანი ზომების შედეგად, მინიმუმამდე იქნა დაყვანილი კუსტარულად დამზადებული ნივთიერებების მოხმარების ფაქტები;
  • დაიხვეწა კანონმდებლობა ნარკოტესტების ჩატარებასთან დაკავშირებით.
 საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე მუშაობა მიმდინარეობდა რამდენიმე თვის განმავლობაში და პროცესში მონაწილეობდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს მთავარი პროკურატურის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები; აგრეთვე, ქვეყანაში აკრედიტებული საერთაშორისო მისიები − ევროკავშირის დელეგაცია, ევროსაბჭოს, გაერო-ს ბავშვთა ფონდის, „USAID“-ის, გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს წარმომადგენლები, აშშ-ის საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების საქმეთა ბიურო, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ალტერნატივა ჯორჯია“.