თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა

თარიღი: 31 ივლისი 2017
31 ივლისს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა.  სხდომას კომისიის წევრები − აღმასრულებელი ხელისუფლების, საარჩევნო პროცესში ჩართული პოლიტიკური პარტიებისა და ბლოკების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები − დაესწრნენ. კომისია იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანებით (https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/3719758) შეიქმნა და მისი მიზანი 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება და ამ გზით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნაა.

როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად წინასაარჩევნო კამპანია დაწყებული არ არის, უწყებათაშორისო კომისია აქტიურად მუშაობს, ისმენს პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პრობლემებს. მინისტრის თქმით, ძირითადი, რაც ამ ეტაპზე პოლიტიკურ პარტიებს აწუხებთ, არის ის, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებებმა მუნიციპალიტეტებში რაც შეიძლება სწრაფად შეიმუშაონ რეგულაციები, თუ სად უნდა განთავსდეს პლაკატები და სხვა სააგიტაციო მასალა. ამასთან დაკავშირებით კომისიამ უკვე გასცა  რეკომენდაციები. ასევე, პარტიებს აწუხებთ ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა, მაგალითად, ცესკო-ს ვებგვერდზე საკუთარი ამომრჩევლის, მხარდამჭერისა თუ აქტივისტის მონაცემების შემოწმება, რათა იცოდნენ, მოცემულ ამომრჩეველს აქვს თუ არა აქტიური პირადობის მოწმობა, რომ შეძლოს არჩევნებზე სასურველი პარტიისთვის მხარდაჭერა.

„ცესკოს აქვს მზაობა იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. ჩვენ კომისიის სხდომაზე, ასევე, ფართოდ მიმოვიხილეთ ის პრობლემა, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას უკვე რამდენიმე წელია. ეს არის რეგისტრაციიდან მოხსნილი პირები. მე კიდევ ერთხელ მივმართავ მათ − დაახლოებით, 90 000 პირს: 15 სექტემბრამდე რეგისტრაციიდან მოხსნილ ყველა პირს აქვს შესაძლებლობა, გაასწოროს ხარვეზი, აიღოს პირადობის მოწმობა უფასოდ და შეძლოს არჩევნებში მონაწილეობა. ასევე, უსაბუთო პირებს აქვთ შესაძლებლობა, უფასოდ აიღონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რათა შეძლონ არჩევნებში მონაწილეობა. ეს პრობლემა ყველას გვაწუხებს − პარტიებს, სახელმწიფოს, არასამთავრობო სექტორს, და ვისურვებ, ყველა მოქალაქემ პასუხისმგებლობა გამოიჩინოს და აღნიშნულ დრომდე დარეგისტრირდეს“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. 

უწყებათაშორისი კომისია ითანამშრომლებს საარჩევნო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებსა და ბლოკებთან, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამკვირვებლებთან. პირველ ეტაპზე კომისია ორ კვირაში ერთხელ შეიკრიბება, საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ − არანაკლებ კვირაში ერთხელ. სამუშაო პროცესში მონაწილეობას მიიღებენ კომისიის წევრები (საქართველოს შინაგან საქმეთა; საგარეო საქმეთა; ფინანსთა; თავდაცვის; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის; განათლებისა და მეცნიერების;  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მოადგილეები; აგრეთვე,  მთავარი პროკურორისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი), კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას ცესკო-ს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან შეწყვეტს. უწყებათაშორისი კომისია 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდშიც ფუნქციონირებდა. კომისია შეიქმნა 2015 წლის შუალედური არჩევნებისთვისაც. ჯამში, სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად კომისიამ 48 რეკომენდაცია შეიმუშავა. უწყებათაშორისი კომისიის ეგიდით და მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველად 2016 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში, ძალადობის პრევენციისა და ძალადობის წინააღმდეგ ჩატარდა სპეციალური საინფორმაციო კამპანია (17 სექტემბერი - 30 ოქტომბერი), რომელშიც მონაწილეობა მიიღო  საარჩევნო სუბიექტის 11-მა ლიდერმა; შექმნა ვიდეორგოლი, სადაც პოლიტიკოსები მხარდამჭერებს არჩევნების  ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ჩატარებისაკენ მოუწოდებდნენ. ვიდეორგოლი 18 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში 967 620-მა მაყურებელმა, მინიმუმ, ერთხელ მაინც ნახა.