გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

თარიღი: 02 აგვისტო 2017
2 აგვისტოს  გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის რიგით პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც  იუსტიციის მინისტრის მოადგილე,  უწყებათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარე  გოჩა ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა.

თანათავმჯდომარემ კომისიის წევრებს გააცნო კომისიის მანდატი და საქმიანობის არეალი. სხვა მნიშვნელოვან ამოცანებთან ერთად კომისია იმუშავებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და ქალთა გაძლიერების სფეროში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის განსაზღვრული ფუნქციების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობა და მათი საქმიანობის კოორდინაცია; გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და ქალთა გაძლიერების საკითხების თაობაზე წინადადებების შემუშავება, საქართველოს მთავრობისათვის განსახილველად წარდგენა და სხვ.

კომისიის სხდომაზე იუსტიცის მინისტრის მოადგილის შეთავაზებით შეთანხმდნენ, შეიქმნას 3 თემატური სამუშაო ჯგუფი, რომელთა შემადგენლობაშიც შევლენ სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ჯგუფები შეიმუშავებენ თემატურ სამოქმედო გეგმებს ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, გენდერული თანასწორობისა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს 1325-ე რეზოლუციის იმპლემენტაციის ხელშესაწყობად.

უწყებათაშორისი კომისია 2017 წლის 12 ივნისს შეიქმნა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით (№286) დამტკიცდა. უწყებათაშორისი კომისიის სახით აღმასრულებელ ხელისუფლებაში უკვე გვაქვს მექანიზმი, რომელიც თავისი მანდატის ფარგლებში გააერთიანებს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის და გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების („ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“) განხორციელებისათვის  დაკავშირებულ საკითხებს.
აღსანიშნავია, რომ კომისია შეასრულებს სტამბოლის კონვენციის მაკოორდინირებელი ორგანოს ფუნქციებსაც.