აღსრულების პოლიციის პირველი კეთილმოწყობილი და თანამედროვე ოფისი გაიხსნა

თარიღი: 07 ოქტომბერი 2017

აღსრულების პოლიციის არსებობის მანძილზე პირველად აშენდა საგანგებოდ მის საჭიროებებზე მორგებული კომფორტული და კეთილმოწყობილი ოფისი. ახალი შენობა იუსტიციის მინისტრმა და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ გახსნეს.

პოლიციის ახალი ოფისი მორგებულია როგორც თანამშრომლების, ისე მოქალაქეების ინტერესებზე. შენობაში ცალკე სივრცეებია გამოყოფილი საკონსულტაციო მომსახურებისა და მოქალაქეების მისაღებად. როგორც იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში სფეროში მოქმედი სსიპ-ების შენობათა უმრავლესობა, აღსრულების პოლიციის შენობაც სრულადაა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის პირებისათვის.

იუსტიციის მინისტრმა ღონისძიებაზე პოლიციელებსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და მათ მიერ გაწეული საქმიანობა შეაფასა. დაკისრებული მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის 11 პოლიციელს საშუალო და უმცროსი სახელმწიფო სპეციალური წოდება მიენიჭა, ხოლო 2 პოლიციელს საქმისადმი ერთგულებისა და დავალებების პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გამოეცხადა. იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ აღსრულების პოლიცია მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახურსა და სოციალურ მუშაკებთან ერთად მთავარ აქცენტს მხარეთა ინტერესების დაცვასა და მედიაციაზე აკეთებს, რასაც მორიგებით დასრულებული საქმეების სტატისტიკაც უჩვენებს. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოსახლებისა და დემონტაჟის საქმეებიდან 80 პროცენტზე მეტი მხარეთა შორის შეთანხმებით დასრულდა.

ახალ ოფისის გახსნის შემდეგ მინისტრმა აღმასრულებლებსა და აღსრულების პოლიციელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც უწყებაში დაგეგმილ ცვლილებებსა და სააღსრულებო კოდექსის ნოვაციებთან დაკავშირებით ისაუბრა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებისაგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი უკვე ერთ წელზე მეტია, ახალ სააღსრულებო კოდექსზე მუშაობს. კოდექსით დარეგულირდება სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული პროცედურები და სააღსრულებო მოქმედება; სახელმწიფო და კერძო აღმასრულებლის საქმიანობა და ყველა ის სააღსრულებო საკითხი, რომლებიც დღეს მოქმედი კანონით არ რეგულირდება.

სააღსრულებო კოდექსზე მომუშავე ჯგუფი ახალ პროექტზე მუშაობას უახლოეს პერიოდში დაასრულებს.