უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

თარიღი: 09 ოქტომბერი 2017
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
 
კომისიის თავმჯდომარემ სხდომა იმ ინფორმაციაზე საუბრით დაიწყო, რომლის თანახმადაც, დმანისში მოსახლეობას მხარდაჭერისთვის ყურანზე დაფიცებას სთხოვენ. მინისტრმა მთავარი პროკურორის მოადგილეს, რომელიც კომისიის წევრია, სთხოვა, რომ პირად კონტროლზე აიყვანოს აღნიშნული საკითხი. „ეს არის ძალიან სენსიტიური თემა და სახელმწიფო ვერ დაუშვებს მსგავსი საკითხებით მანიპულირებას, რომელ პარტიასაც უნდა ეხებოდეს ის“, − აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
 
როგორც „ქართულმა ოცნებამ“ სხდომაზე საპასუხოდ განაცხადა, მათ მკაცრი დირექტივა უკვე მისცეს პარტიის წევრებს, რათა არ მოხდეს რელიგიური თემებით მანიპულირება.
 
უწყებათაშორისმა კომისიამ განიხილა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემოტანილი განცხადებები შესაძლო დარღვევების შესახებ და 11 საკითხზე მოახდინა რეაგირება.
 
სავარაუდო ინციდენტები ეხებოდა როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციური ძალების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევებს, მათ შორის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ზეწოლის, აგიტაციის წესების დარღვევის და ძალადობის  შემთხვევებს. უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ყველა შეტყობინება შემოსვლისთანავე გადაიგზავნა პასუხისმგებელ უწყებებში რეაგირებისათვის. ამ შემთხვევებს შორისაა საბავშვო ბაღების პედაგოგების შესაძლო მონაწილეობის საკითხი მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრებში, მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა ჩართულობის საკითხები წინასაარჩევნო აგიტაციაში სამუშაო საათებში, საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩის დროს უცხო ქვეყნის მოქალაქის მხრიდან შესაძლო აგიტაციის ფაქტი და სხვა.
 
რაც შეეხება შესაძლო ძალადობის შემთხვევებს, განცხადებები ამ თემაზე შს სამინისტროშია გადაგზავნილი. კერძოდ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებდა, რომ თელავში პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას ერთ-ერთი მოქალაქის მიმართ პოლიციელების მხრიდან ძალადობას ჰქონდა ადგილი. კომისიის სხდომაზე შს სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, რომ გამოთხოვილი მასალებით პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა, მოქალაქე კი შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მისვლაზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ პოლიციელების მიმართ პრეტენზია არ აქვს. რაც შეეხება მეორე ინციდენტს, უწყებათაშორის კომისიას ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიამ მიმართა თხოვნით, შეესწავლა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 2 ნოემბრის  აქციის დროს ვანდალიზმის შესაძლო ფაქტები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. როგორც სხდომაზე გაირკვა, საკითხს შს სამინისტრო სწავლობს.
 
გარდა კომისიის წევრების მიერ შემოტანილი განცხადებებისა, სხდომაზე ის შესაძლო დარღვევებიც განიხილეს, რომლებიც უწყებათაშორისმა კომისიამ მედიაში გავრცელებული მასალის მონიტორინგის ფარგლებში მოიპოვა. კომისიამ მათი შესწავლისა და მათზე რეაგირების გზებზე იმსჯელა.
 
სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები − აღმასრულებელი ხელისუფლების, საარჩევნო პროცესში ჩართული პოლიტიკური პარტიებისა და ბლოკების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
 
უწყებათაშორისი კომისია თანამშრომლობს საარჩევნო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებსა და ბლოკებთან, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამკვირვებლებთან. სამუშაო პროცესში მონაწილეობენ კომისიის წევრები (საქართველოს შინაგან საქმეთა; საგარეო საქმეთა; ფინანსთა; თავდაცვის; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის; განათლებისა და მეცნიერების; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მოადგილეები; აგრეთვე, მთავარი პროკურორისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი), კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას ცესკო-ს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან შეწყვეტს.
 
უწყებათაშორისი კომისია 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდშიც ფუნქციონირებდა. კომისია შეიქმნა 2015 წლის შუალედური არჩევნებისთვისაც. ჯამში, სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად კომისიამ 48 რეკომენდაცია შეიმუშავა. უწყებათაშორისი კომისიის ეგიდით და მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველად 2016 წელს წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის პრევენციისა და ძალადობის წინააღმდეგ ჩატარდა სპეციალური საინფორმაციო კამპანია (17 სექტემბერი - 30 ოქტომბერი), რომელშიც მონაწილეობა მიიღო საარჩევნო სუბიექტის 11-მა ლიდერმა; შეიქმნა ვიდეორგოლი, სადაც პოლიტიკოსები მხარდამჭერებს არჩევნების ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ჩატარებისაკენ მოუწოდებდნენ. ვიდეორგოლი 18 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში 967 620-მა მაყურებელმა, მინიმუმ, ერთხელ მაინც ნახა.
 
კომისია იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანებით (https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/3719758)  შეიქმნა და მისი მიზანი 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება და ამ გზით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნაა.