„OGP-საქართველოს სამოქმედო გეგმაში“ მუნიციპალიტეტები ჩაერთვნენ

თარიღი: 11 ოქტომბერი 2017
„ღია მმართველობა − საქართველოს“ სამდივნომ თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ოზურგეთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრა „USAID“-ის კარგი მმართველობის პროექტის (Good Governance Initiative - GGI) მხარდაჭერით გაიმართა.
მუნიციპალიტეტები „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამოქმედო გეგმაში წელს პირველად ჩაერთვნენ და კონკრეტული ვალდებულებებიც აიღეს, რომლებიც 2 გამოწვევას − საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლებასა და საჯარო რესურსების უკეთეს მართვას − პასუხობს. სამდივნომ სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (Open Government Partnership - OGP) და მისი მნიშვნელობის შესახებ როგორც გლობალურ, ისე ეროვნულ დონეზე. სამდივნოს წარმომადგენლებმა, ასევე, ისაუბრეს საქართველოს, როგორც „OGP“-ის თავმჯდომარე ქვეყნის, პრიორიტეტული მიმართულებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. 
სტუმრებმა დეტალური მოხსენებები წარმოადგინეს „OGP“-ის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში მათ მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროგრესის შესახებ.
„ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამოქმედო გეგმაში 5 მუნიციპალიტეტი ჩაერთო. მათ კონკრეტულ ვალდებულებებიც აიღეს. კერძოდ, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ვებგვერდზე პეტიციების ელექტრონული პორტალი და „ზუგდიდი-INFO“ დაინერგება; ოზურგეთის საკრებულო სხდომების გამჭვირვალობას უზრუნველყოფს; ქალაქ ქუთაისის, ქალაქ ბათუმის, ქალაქ ახალციხისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტები კი, ბიუჯეტებს ელექტრონულად დაგეგმავენ.
„OGP“ საერთაშორისო პარტნიორობაა, რომელიც 2011 წელს აშშ-ის და ბრაზილიის პრეზიდენტებმა დააფუძნეს. დღეს ის 75 ქვეყანას აერთიანებს და მას საქართველო თავმჯდომარეობს.  „OGP“-ის თავმჯდომარეობა ჩვენი ქვეყნის მთავრობამ  19 სექტემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ „OGP“-ის მაღალი დონის ღონისძიებაზე საფრანგეთის მთავრობისგან გადმოიბარა და საერთაშორისო პარტნიორობას 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 1 ოქტომბრამდე  (1 წლის ვადით) უხელმძღვანელებს. „ღია მმართველობის პარტნიორობის“ პროცესს წარმართავს და კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტრო, სწორედ იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს საქართველოს „OGP“-ის ფორმატში საერთაშორისო დონეზე.