საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს პრეზიდენტის მიწვევით თეა წულუკიანი სასამართლოს სამუშაო სესიაში მონაწილეობს

თარიღი: 26 ოქტომბერი 2017
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს სამუშაო სესიაში, რომელიც 26-27 ოქტომბერს პარიზში გაიმართება.
 
მინისტრი ამ შეხვედრას საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს პრეზიდენტის ალექსი მურის პირადი მიწვევით ესწრება. იუსტიციის სამინისტროსა და საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს წარმომადგენლების მონაწილეობით რამდენიმე თვეა მიმდინარეობს მუშაობა საკითხზე, თუ რა ფორმით იქნებოდა შესაძლებელი საქართველოს ტერიტორიაზე ავტორიტეტული საერთაშორისო საარბიტრაჟო ფორუმის მიერ, საარბიტრაჟო დავების განხილვა და გადაწყვეტა. ამ მიზნით სპეციალური მუშა ჯგუფია შექმნილი. სასამართლოს პრეზიდენტის მიერ იუსტიციის მინისტრისათვის გაგზავნილი პირადი მოწვევა მომავალი ნაყოფიერი თანაშრომლობის საწინდარია.