იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

თარიღი: 13 ნოემბერი 2017
იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც  კომისიის თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, უძღვებოდა. 


უწყებათაშორისმა კომისიამ შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილის ანგარიში მოისმინა კენჭისყრის მეორე ტურის დღეს და წინა პერიოდში უწყებაში შესულ შეტყობინებებზე რეაგირების შესახებ; აგრეთვე, სხვა ძალოვანი სტრუქტურების ინფორმაცია გატარებული ღონისძიებების თაობაზე.

როგორც შს მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, პოლიტიკური პარტიებისა და დამკვირვებლების საჩივრებსა და განცხადებებში მოყვანილ ყველა ფაქტზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. საქმის აღძვრის საჭიროება არცერთ შემთხვევაში არ დამდგარა. სხდომამ მოისმინა რეაგირებების შესახებ: თელავის საარჩევნო ოლქში დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ბერდია ბალიაურის განცხადებაზე თელავის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მხრიდან მის წინააღმდეგ პოლიციის თანამშრომელთა გამოყენების შესახებ; „პატრიოტთა ალიანსის“ განცხადებაზე ბორჯომში მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიის დროს მათი პარტიის საარჩევნო კომისიის წევრების წარმომადგენლებისა და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებულ შესაძლო ზეწოლაზე; „ქართული ოცნების“ განცხადებაზე 21 ოქტომბრის არჩევნებზე მარნეულში 55-ე საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირის („ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის) მიერ სავარაუდო ყალბი ბეიჯით სარგებლობაზე; არასამთავრობო ორგანიზაციის − „ახალი თაობა − დემოკრატიული საქართველოსთვის“ − განცხადებაზე ფლევსა და გომში გუბერნატორ კახა სიხარულიძის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენებაზე; აგრეთვე, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე ოზურგეთში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის, წარმომადგენელ გიორგი როყვას გაუჩინარების შესახებ.

უწყებათაშორისმა კომისიამ მოისმინა, აგრეთვე, ცესკო-ს წარმომადგენლის ანგარიში არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ.  სხდომაზე აღინიშნა, რომ არჩევნების მეორე ტურმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, უწყებათაშორისი კომისიის წევრებმა მადლობა გადაუხადეს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. 
უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის მუშაობას მალე დაასრულებს. მომდევნო სხდომა შესაძლოა, მხოლოდ კომისიის წევრების მონაწილეობით გაიმართოს. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღევანდელი სხდომის ყველა მონაწილეს მადლობა გადაუხადა პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს  კომისიის მუშაობაში აქტიური მონაწილეობისა და კომისიის ფორმატის გამოყენებისათვის, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს კი, სწრაფი რეაგირებისა და მაქსიმალური ჩართულობისათვის.

უწყებათაშორისი კომისია თანამშრომლობს საარჩევნო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებსა და ბლოკებთან, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამკვირვებლებთან. სამუშაო პროცესში მონაწილეობენ კომისიის წევრები (საქართველოს შინაგან საქმეთა; საგარეო საქმეთა; ფინანსთა; თავდაცვის; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის; განათლებისა და მეცნიერების; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მოადგილეები; აგრეთვე, მთავარი პროკურორისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი), კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას ცესკო-ს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან შეწყვეტს.

უწყებათაშორისი კომისია 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდშიც ფუნქციონირებდა. კომისია შეიქმნა 2015 წლის შუალედური არჩევნებისთვისაც. ჯამში, სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად კომისიამ 48 რეკომენდაცია შეიმუშავა. უწყებათაშორისი კომისიის ეგიდით და მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველად 2016 წელს წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის პრევენციისა და ძალადობის წინააღმდეგ ჩატარდა სპეციალური საინფორმაციო კამპანია (17 სექტემბერი - 30 ოქტომბერი), რომელშიც მონაწილეობა მიიღო საარჩევნო სუბიექტის 11-მა ლიდერმა; შეიქმნა ვიდეორგოლი, სადაც პოლიტიკოსები მხარდამჭერებს არჩევნების ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ჩატარებისაკენ მოუწოდებდნენ. ვიდეორგოლი 18 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში 967 620-მა მაყურებელმა, მინიმუმ, ერთხელ მაინც ნახა.

კომისია იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანებით (https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/3719758) შეიქმნა და მისი მიზანი 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება და ამ გზით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნაა.