სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის თანახმად ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო

თარიღი: 28 ნოემბერი 2017
სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ივანე მერაბიშვილის დაკავება, ასევე წინასწარი პატიმრობა, რომელიც გაგრძელდა 2013 წლის მაისიდან 2014 წლის თებერვლამდე, იყო კანონიერი.
 
სასამართლომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი განხილვის საგანს ამ საჩივრის ფარგლებში არ წარმოადგენდა ივანე მერაბიშვილის გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე პატიმრობის კანონიერების განხილვა (იხ. პუნქტ. 170).

კერძოდ, დიდმა პალატამ გასაჩივრებულ მუხლებთან მიმართებით:
 
1. ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა კონვენციის 5.1 მუხლი, რაც შეეხება ივანე მერაბიშვილის დაკავების კანონიერებას.
 
2.  ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა კონვენციის 5.1 მუხლი, რაც შეეხება ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის კანონიერებას (2013 წლის მაისი - 2014 წლის თებერვალი).
 
 
ივანე მერაბიშვილი როგორც მისი დაკავების უკანონობას, ასევე 2013 წლის მაისიდან 2014 წლის თებერვლამდე პერიოდში მის წინასწარ პატიმრობაში უკანონოდ ყოფნას ამტკიცებდა, რაც სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ არ გაიზიარა.
  
3. ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა კონვენციის 5.3. მუხლი, რაც შეეხება ივანე მერაბიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას. კერძოდ, ჩაითვალა, რომ 2013 წლის 22 და 25 მაისის სასამართლო გადაწყვეტილებები სათანადო დასაბუთებას შეიცავდა და ამ მუხლის სტანდარტებს აკმაყოფილებდა. 

4. ერთხმად დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის 5.3. მუხლი 2013 წლის 25 სექტემბრის სასამართლო გადაწყვეტილებით, რადგან მოსამართლემ  ივანე მერაბიშვილის შუამდგომლობა წინასწარი პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის თაობაზე უარყო ზეპირად და დასაბუთების გარეშე.

5. 9 ხმით 8 ხმის წინააღმდეგ დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი 2013 წლის 14 დეკემბრის ინციდენტიდან გამომდინარე (ივანე მერაბიშვილის ღამით საკნიდან გაყვანის ეპიზოდი).
 
სასამართლომ ცალსახად განაცხადა და დაასაბუთა, რომ ივანე მერაბიშვილის პატიმრობასა და სისხლისსამართლებრივ დევნაში არ იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივები და რომ ამ მხრივ მომჩივნის არგუმენტები ვერ იქნებოდა გაზიარებული (იხ. პუნქტ. 320-329). თუმცა, მან დაადგინა, რომ საკნიდან გაყვანის ფაქტი შეუსაბამო იყო მე-18 მუხლის მიზნებთან და ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტები გაიზიარა.
 
მე-18 მუხლთან დაკავშირებით ხმების ამგვარად გაყოფის პირობებში, 8 მოსამართლემ, რომელმაც მე-18 მუხლის დარღვევას მხარი არ დაუჭირა, გადაწყვეტილებას დაურთო განსხვავებული აზრი. მათ შორისაა სტრასბურგის სასამართლოს თავმჯდომარეც.
 
აქედან გამომდინარე, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ:
ივანე მერაბიშვილისთვის მორალური კომპენსაციის სახით გადახდილ იქნეს თანხა 4000 ევროს ოდენობით. თავად მომჩივანი ითხოვდა 15000 ევროს;
მისი ადვოკატებისთვის ჰონორარის სახით მოთხოვნილი თანხების ნაწილში მომჩივნის შუამდგომლობა სრულად იქნა უარყოფილი და ამ ნაწილში სასამართლომ კომპენსაცია მომჩივნის ადვოკატებს არ მიანიჭა. ბრიტანელი ადვოკატები ითხოვდნენ 29  775  გირვანქა სტერლინგის ანაზღაურებას სახელმწიფოსგან ჰონორარის სახით, ხოლო  ოთარ კახიძე, ასევე ითხოვდა ჰონორარის სახით სახელმწიფოსგან  43 641 აშშ დოლარის ანაზღაურებას.