საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან შეხვედრა გაიმართა

თარიღი: 22 დეკემბერი 2017
იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ახალდანიშნული წარმომადგენელი და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კაუპო კანდი მიიღო. შეხვედრაში მონაწილეობდნენ, აგრეთვე, ჰააგის სასამართლოსთან კოორდინაციაში ჩართული უწყებების − შინაგან საქმეთა სამინისტრო; თავდაცვის სამინისტრო; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო; საქართველოს მთავარი პროკურატურა; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური − წარმომადგენლები.  
 
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოსა და ჰააგის სასამართლოს შორის 2008 წლის ომის საქმის გამოძიების ფარგლებში თანამშრომლობისა და საზოგადოების ინფორმირების საკითხები. კაუპო კანდი ესტონელი დიპლომატია, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოში სხვადასხვა პოზიციაზე და ძალიან კარგად იცნობს რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქტის ასპექტებს. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე იგი საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ანალიტიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. მან ჰააგის სასამართლოს საქართველოში წარმომადგენლის რანგში პირველი ოფიციალური შეხვედრა სწორედ იუსტიციის სამინისტროში გამართა, რომელიც კოორდინაციას უწევს ჰააგის სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს.
 
ჰააგის სასამართლოს წარმომადგენლის დროულად დანიშვნის საჭიროებას საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა 2017 წლის ივლისში საქართველოში ვიზიტით მყოფ ჰააგის სასამართლოს განმწესრიგებელთან შეხვედრის დროს, როდესაც ხელი მოეწერა ჰააგის სასამართლოსა და საქართველოს მთავრობას შორის თანამშრომლობის შეთანხმებას. აგრეთვე, აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა ორი კვირის წინ გაერო-ში იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძესა და სასამართლოს განმწესრიგებელს შორის გამართული შეხვედრის დროს.
 
იუსტიციის სამინისტროში სახელმწიფო უწყებებთან გამართული შეხვედრის შემდეგ კაუპო კანდი შეხვდება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
 
საქართველო 2008 წლის ომის თემაზე ჰააგის სასამართლოსთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ცოტა ხნის წინ იუსტიციის სამინისტროს დელეგაციას ნიუ-იორკში მნიშვნელოვანი ვიზიტი ჰქონდა, რომლის ფარგლებშიც პარტნიორი სახელმწიფოების დელეგაციებს შეხვდა. ყველა შეხვედრის თემა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის ფარგლებში ჩადენილი დანაშაულების გამოძიება იყო. პარტნიორი ქვეყნების ინფორმირება 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების საკითხზე საქართველოსათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც ჰააგის სასამართლოში გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა პარტნიორ სახელმწიფოთა წარმომადგენლებს განუმარტა, თუ რა სირთულეები არსებობს ჰააგის მიერ წარმოებული გამოძიების ფარგლებში. როგორც გოჩა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, ჰააგის სასამართლო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინსტიტუციაა ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, რომელიც საკუთარი ინტერესების დაცვას მხოლოდ სამართლებრივი გზების გამოყენებით ხედავს. მისივე თქმით, მართლმსაჯულების აღსრულება ამ საქმეში მნიშვნელოვანია არა მარტო 2008 წლის ომის დროს დაზარალებულთათვის ან საქართველოს, როგორც დაზარალებული ქვეყნისათვის, არამედ, ზოგადად, ჰააგის სასამართლოსათვის. ამასთან, დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საქართველო მხარს უჭერს იმ ინიციატივებს, რომლებიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ინსტიტუციურ და სამართლებრივ გაძლიერებას ემსახურება, რათა სასამართლოს მანდატი სრულად და ეფექტურად შესრულდეს.