თეა წულუკიანი „OGP“-ის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის რანგში ევროპის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ლიდერთა ფორუმზე იმყოფება

თარიღი: 05 თებერვალი 2018
იუსტიციის მინისტრმა  „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ლიდერთა ფორუმში  მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას თეა წულუკიანი „OGP“-ის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის რანგში დაესწრო. „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფორმატში საერთაშორისო დონეზე საქართველოს  იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს. იუსტიციის სამინისტრო    წარმართავს და კოორდინაციას უწევს „OGP“-ის პროცესს ეროვნულ დონეზე.

ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდა ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე. როგორც ცნობილია, თბილისი ერთ-ერთი პირველი დედაქალაქია ორგანიზაციის 75 წევრ ქვეყანას შორის, რომელიც 2016 წელს „ღია მმართველობის პარტნიორობას“ შეუერთდა და ვალდებულებები აიღო გამჭვირვალობის, სერვისების ხელმისაწვდომობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით.

თეა წულუკიანმა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია, თუ როგორ ხდება საქართველოში ეროვნულ დონეზე „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მხარდაჭერა; გაუზიარა ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყნის სამომავლო გეგმები.  იუსტიციის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა მოქალაქეთა ჩართულობის შესაძლებლობა და მნიშვნელობა როგორც „OGP“-ის პროცესში, ისე „OGP“-ის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაში. 

თეა წულუკიანის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღება გზას გაუხსნის ინფორმაციის თავისუფლების აქტს, რომლის შემუშავებაც „OGP“-ისა და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა.

იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა „ღია მმართველობა - საქართველოს ფორუმზე“, რომელიც ეროვნულ დონეზე კოორდინაციას უწევს  „OGP“-ის სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და მის შესრულებას. ფორუმი პარტნიორობის წევრი ქვეყნებისათვის სამაგალითო მოდელადაა აღიარებული. მასში აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები არიან გაერთიანებულნი. ფორუმი ერთგვარი მექანიზმია, რომლის ფარგლებშიც მთავრობა უწყვეტი დიალოგის რეჟიმშია არასამთავრობო სექტორსა და საზოგადოებასთან.

იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა „OGP“-ის პროექტზე „მომხმარებლის ხმა“ („Voice of the Customer”), რაც გულისხმობს მომხმარებლის უკუკავშირის დაფიქსირებას: იუსტიციის სახლში მოსულ ნებისმიერ მოქალაქეს ეძლევა საშუალება, მომხმარებლის ხმის დაფასთან აპლიკაციების შევსებით ან იუსტიციის სახლის ერთიანი სატელეფონო მომსახურების სამსახურში ზარით გამოხატოს საკუთარი მოსაზრება წარმოქმნილი შეფერხების, სირთულის, უკმაყოფილების შესახებ. მოქალაქეთა შენიშვნებს წინასწარ განსაზღვრულ ვადებში განიხილავს კომპეტენტური სამსახური და სავალდებულო წესით მოახდენს შესაბამის რეაგირებას.
თეა წულუკიანმა ღონისძიების მონაწილეებს გააცნო ელექტრონული პეტიციის პლატფორმა  (I-change), რომელიც საქართველოს მთავრობამ ცოტა ხნის წინ დაიწყო. მინისტრმა აღნიშნა, რომ პლატფორმა საშუალებას აძლევს მოქალაქეს, შექმნას ელექტრონული პეტიცია იმ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც  მთავრობის კომპეტენციაა. ხელისუფლება იღებს ვალდებულებას, განიხილოს ყველა ელექტრონული პეტიცია, რომელიც 30 დღის განმავლობაში, მინიმუმ, 10.000 ხელმოწერას დააგროვებს. ინიციატივის მიზანი მმართველობის პროცესში მოქალაქეთა ხედვებისა და წინადადებების გათვალისწინებაა.

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარეობა ჩვენი ქვეყნის მთავრობამ 2017 წლის 19 სექტემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე საფრანგეთის მთავრობისგან გადმოიბარა. „OGP"-ის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი საქართველომ არაერთი უწყებისა და მთავრობის იმ წარმატებული პოლიტიკის შედეგად მოიპოვა, რომელსაც ქვეყანა ღია მმართველობისათვის ატარებს; ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმს ხელმძღვანელობს, რომელიც მსოფლიოს 75 სახელმწიფოს აერთიანებს.

წელს საქართველო, როგორც  „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყანა,  მე-5 გლობალურ სამიტს უმასპინძლებს. ღონისძიება თბილისში 17-19 ივლისს გაიმართება.