იუსტიციის მინისტრმა და სახალხო დამცველმა სამუშაო შეხვედრა გამართეს

თარიღი: 09 მარტი 2018
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და  სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე განხილულ იქნა თანამშრომლობის გზები სხვადასხვა სამართლებრივი რეფორმის  გზაზე.
 
სხვებს შორის საუბარი შეეხო ინფორმაციის თავისუფლების აქტის პროექტს, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა და რომელიც პარლამენტს მას შემდეგ გადაეგზავნება, რაც საკანონმდებლო ორგანო კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებებს მესამე მოსმენით მიიღებს; კერძოდ, კონსტიტუციის მე-18 მუხლის ევროპული სტანდარტების შესაბამისად დაზუსტებისთანავე გზა გაეხსნება ინფორმაციის თავისუფლების აქტის მიღებას.
 
„მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაციის თავისუფლების აქტის პროექტზე კონსულტაციები, პირველ რიგში, ახალ ომბუდსმენთან იმართება, რის შემდეგაც კონსულტაციებს სახელმწიფო სტრუქტურებთან გავმართავთ; მომდევნო რაუნდი კი, ინფორმაციის თავისუფლების თემებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორთან შედგება“, − განაცხადა მინისტრმა.