ვენეციის კომისიამ კონსტიტუციის მე-18 მუხლში იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით შეტანილი ცვლილებები დადებითად შეაფასა

თარიღი: 21 მარტი 2018
ვენეციის კომისია „საქართველოს კონსტიტუციის“ მე-18 მუხლში განხორციელებულ ცვლილებებს იწონებს. ამის შესახებ დღეს გამოქვეყნებულ დასკვნაშია ნათქვამი.
ვენეციის კომისია დადებითად აფასებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ კონსტიტუციის მე-18 მუხლში განხორციელებულ ცვლილებებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს მიერ იყო ინიცირებული; კერძოდ, ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ახალი რედაქცია „აზუსტებს და აკონკრეტებს“ იმ გარემოებებს, როდესაც შესაძლებელია საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა.
ვენეციის კომისია არ იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას, რომ თითქოს წარმოდგენილი ცვლილებებით გაფართოვდა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის საფუძვლები, და რომ ამით მნიშვნელოვნად გაუარესდა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტზე მითითებით ვენეციის კომისია აცხადებს, რომ მართლმსაჯულების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანია, თუ ეს გათვალისწინებულია კანონით, აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში და გამოყენებული შეზღუდვა ლეგიტიმური მიზნის პროპორციულია. ამდენად, ვენეციის კომისიის აზრით, იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ცვლილება „თავისთავად პრობლემური არ არის“. თუმცა, ვენეციის კომისია იქვე აცხადებს, რომ ასეთი ლეგიტიმური მიზნების ინტერპრეტაციას ვიწრო ხასიათი უნდა ჰქონდეს და ესოდენ ფაქიზ საკითხებზე შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნების განმარტებისას ხელისუფლებამ არ უნდა ისარგებლოს მეტისმეტად ფართო დისკრეციით.
კონსტიტუციის მე-18 მუხლში შესატანი ცვლილებების საკითხი საქართველოს პარლამენტში გასული წლის 8 ივნისს ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში საკონსტიტუციო კანონის პირველი მოსმენით განხილვის დროს დაისვა;  მოგვიანებით კი, საკითხი კონსტიტუციაში შესატანი ახალი ცვლილებების საყოველთაო განხილვის დროს კვლავ იქნა დისკუსიისთვის შეთავაზებული.
 
2017 წლის 13 დეკემბერს 11-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ („ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI); „ფონდი ღია საზოგადოება − საქართველო“; „საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო“; „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“; „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“; „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“; „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“; „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“; „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“; „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“) ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა შეფასებული იყო, როგორც  „ბუნდოვანი და სამართლებრივად გაუმართავი“, რომელიც გულისხმობს „ინფორმაციის თავისუფლების რეჟიმის მკვეთრ გაუარესებას“. განცხადებაზე ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებდნენ საქართველოს პარლამენტს, არ გაეთვალისწინებინა „ინფორმაციის თავისუფლების შემზღუდავი და საჯარო ინფორმაციაზე წვდომის უფლების დაცულ სფეროში არათანაზომიერი ჩარევის მაღალი რისკის შემცველი ინიციატივა“.
 
„საქართველოს კონსტიტუციის“ ცვლილებების პროექტის შესახებ დასკვნა ვენეციის კომისიამ 114-ე პლენარულ სესიაზე დაამტკიცა; საბოლოო დოკუმენტი კი, საერთაშორისო ორგანიზაციის ვებგვერდზე 20 მარტს გამოქვეყნდა.
საქართველოს პარლამენტი კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებებს მესამე მოსმენით 22 მარტს განიხილავს.