იუსტიციის სამინისტროში შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის პროექტზე მუშაობა გრძელდება

თარიღი: 27 მარტი 2018
იუსტიციის სამინისტროში „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის გადამუშავებული ვერსია განიხილეს. დისკუსიას ცვლილებების გარშემო იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვებოდა.

საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი შშმ პირთა სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგება, მათი უფლებებისა და თავისუფლებების  დასაცავად საკანონმდებლო გარანტიების შექმნა და „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაერო-ს კონვენციის ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების საქართველოს კანონმდებლობაში იმპლემენტაციაა.

საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობაში იუსტიციის სამინისტრო 2017 წელს ჩაერთო. დღევანდელ შეხვედრაზე სახელმწიფო უწყებებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანონპროექტის ძირითადი პრინციპები განიხილეს და დისკუსიის მონაწილეების მიერ გამოთქმულ შენიშვნებსა და წინადადებებზე იმსჯელეს. 

კანონის პროექტი  მოამზადა კოალიციამ „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“, რომელიც 28 არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის, შშმ პირების  მიერ დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, აერთიანებს. პირველადი დოკუმენტის სახელმწიფო უწყებებთან შეჯერების მიზნით კანონის პროექტი იუსტიციის სამინისტროში გადმოიგზავნა.

დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდა, რომ პროექტის საბოლოო ვერსიაზე მუშაობა მოკლე ვადაში დასრულდება და ის ფართო საზოგადოებასა და დაინტერესებულ მხარეებს საჯარო დისკუსიისთვის წარედგინება.

შშმ პირების უფლებების დასაცავად მყარი საკანონმდებლო გარანტიების შექმნას საქართველოს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაერო-ს 2006 წლის კონვენცია ავალდებულებს, რომლის რატიფიკაცია საქართველოს პარლამენტმა  2013 წლის ბოლოს მოახდინა. კონვენციის დებულებების თანახმად, სახელმწიფოებს აქვთ ვალდებულება, უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ საკუთარ უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სრული რეალიზება შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.