ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი 2017 წლის ანგარიშში საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროგრესზე საუბრობს

თარიღი: 06 აპრილი 2018
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში იმ დადებით ტენდენციებზეა საუბარი, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით ქვეყანაში არსებობს.

ანგარიშში დადებითადაა შეფასებული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და განჩინებების აღსრულების საპარლამენტო კონტროლის მექანიზმის შექმნა, რომელიც საქართველოში 2016 წლიდან დაინერგა. მინისტრთა კომიტეტი მიიჩნევს, რომ საქართველოში გაუმჯობესდა გამოძიების დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის საკითხები ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა: პოლიციის მიერ ძალის გადამეტება, არასათანადო მოპყრობა (მათ შორის, წინასწარი დაკავების იზოლატორებში); ამასთან, უზრუნველყო დაზარალებულთა ჩართულობა სამართლებრივ პროცესში.

ამასთანავე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ანგარიშში აღნიშნავს იმ ძირითად მიღწევებს, რაც ეხება საქართველოს მიმართ საბოლოო რეზოლუციებით დახურულ საქმეებს. კერძოდ, სასამართლოს მანდატურის მიერ პირის დაკავებისას განჭვრეტადი მექანიზმის დანერგვას; საქმის საჯარო განხილვა უკეთ არის გარანტირებული და მხარეთა თანასწორობის პრინციპი დაცულია. ანგარიშის მიხედვით, კანონმდებლობით უზრუნველყოფილია უკანონო პატიმრობის გაასაჩივრებისა და კომპენსაციის მიღების უფლება. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველოს მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები  საბჭოთა ეპოქის რეპრესიების მსხვერპლთათვის კომპენსაციას ითვალისწინებს.

მინისტრთა კომიტეტი დადებითად აფასებს, აგრეთვე, საარჩევნო უფლებების რეალიზაციის კუთხით ქვეყანაში მოქმედ მექანიზმებს.

დოკუმენტის თანახმად, 2017 წელს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს მიმართ აღსრულების ზედამხედველობა 13 საქმეზე დახურა, რაც შარშანდელ მონაცემზე ორჯერ მეტია.