იუსტიციის სასწავლო ცენტრში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა

თარიღი: 14 აპრილი 2018
დედაენის დღესთან დაკავშირებით,  საჯარო მოხელეებისთვის სახელმწიფო ენაში  ტესტირება ჩატარდა. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მონაწილეებს − შესაბამისი სერტიფიკატები, ხოლო საუკეთესო შედეგის მქონე საჯარო მოხელეებს საჩუქრები გადასცა.

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ქართული ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტი პირველად იუსტიციის სასწავლო ცენტრში შეიქმნა და პირველი ტესტირებაც სწორედ დედაენის დღესთან დაკავშირებით  ჩატარდა  2016 წელს. ამ დროიდან იუსტიციის სასწავლო ცენტრი ექსკლუზიურად გასცემს ქართული ენის ცოდნის დონის დამდგენ სერტიფიკატს, რომელიც 61 პირს აქვს მიღებული. ქართული ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტი შექმნილია ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებულ პრინციპებზე დაყრდნობით  და ენის ცოდნის A, B და C დონეებს განსაზღვრავს.  პროექტი  მიზნად ისახავს  სახელმწიფო ენის პოპულარიზაციასა და დაცვას.

ტესტირება სამინისტროების თანამშრომლებმა გაიარეს. თითოეულ სამინისტროს შესაძლებლობა ჰქონდა, გენდერული ბალანსის გათვალისწინებით, ტესტირებაზე წარედგინა 3 ქალი და 3 მამაკაცი თანამშრომელი. 

იუსტიციის სასწავლო ცენტრში დანერგილია ქართული ენის ორი ტიპის ტესტი.  პირველი განსაზღვრავს ქართული ენის მართლწერის ცოდნასა და გამოყენების უნარს და განკუთვნილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში დასაქმებული ან ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირისათვის, ხოლო მეორე აფასებს ქართულის, როგორც უცხო ენის, ცოდნის დონეს.

ღონისძიება იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაიმართა და მას საჯარო მოხელეები, იუსტიციის სისტემის თანამშრომლები და სსიპ „სახელმწიფო ენის დეპარტამენტის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.