​ალექსანდრე ბარამიძე საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა

თარიღი: 25 აპრილი 2018
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა და ადრეული ქორწინება − ეს ის საკითხებია, რომლებზეც კონფერენციაზე ისაუბრეს.  
როგორც ალექსანდრე ბარამიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, იუსტიციის სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას და ადრეული ქორწინების პრევენციას. 
„სწორედ ამიტომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 2014 წელს ხელი მოაწერა ევროპის საბჭოს სტამბოლის კონვენციას; კონვენციის რატიფიკაციის პარალელურად კი, 2017 წელს, იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა და საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებათა პაკეტი 25-მდე საკანონმდებლო აქტში. იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, მოხდა ქალთა გენიტალიების დასახიჩრების კრიმინალიზაცია. გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა ახალი დანაშაული − ქორწინების იძულება; დანაშაულად გამოცხადდა ადევნება, იძულებითი სტერილიზაცია და სხვა“, − აღნიშნა ალექსანდრე ბარამიძემ.
მინისტრის მოადგილემ ადრეული ქორწინების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვთა ქორწინების პრევენციის მიზნით 2017 წლიდან იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ მხოლოდ სრულწლოვან პირთა ქორწინებას არეგისტრირებს. 
„გარდა საკანონმდებლო ცვლილებებისა, იუსტიციის სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას როგორც ძალადობის, ისე ბავშვთა ქორწინების სამართლებრივ საკითხებსა და მის თანმდევ შედეგებზე. ამ მხრივ უნდა აღინიშნოს იუსტიციის სამინისტროს სოციალური კამპანია  „იმოქმედე“, რომლის ფარგლებშიც, იუსტიციის სასწავლო ცენტრში შექმნილი სპეციალური ტრენინგმოდულით საქართველოს მასშტაბით 78 ჯგუფთან ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე ტრენინგები  ჩატარდა“, − განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.
კონფერენცია სახელწოდებით „რელიგიათაშორისი დიალოგი ქალთა მიმართ ძალადობისა და საზიანო პრაქტიკების პრევენციის შესახებ“ ერთდღიანია და მას ესწრებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სახალხო დამცველის აპარატის, რელიგიური გაერთიანებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის  და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.