საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ქვეკომიტეტის შეხვედრა გაიმართა

თარიღი: 25 აპრილი 2018
მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გატარებული რეფორმები; დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოსაძიებლად − სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი; კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ  ბრძოლა; მიგრაციის, თავშესაფრისა და საზღვრის მართვის საკითხები; პერსონალურ მონაცემთა დაცვა და პარტნიორობა მობილურობის მიმართულებებით − ეს საკითხები იყო  საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ქვეკომიტეტის მეოთხე შეხვედრის ძირითადი თემები. ღონისძიება გაიმართა ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელში. ქართულმა მხარემ ევროკავშირს, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას ქართული რეფორმები გააცნო.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ქვეკომიტეტის შეხვედრები ყოველწლიურად იმართება. მათი მიზანი ევროკავშირის ინფორმირებაა საქართველოში დემოკრატიზაციის გზაზე გატარებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ. ღონისძიებებს თბილისი და ბრიუსელი მონაცვლეობით მასპინძლობს. ქართული მხრიდან ქვეკომიტეტის საქმიანობას კოორდინაციას  იუსტიციის სამინისტრო უწევს.

ქვეკომიტეტის სხდომაში მონაწილეობდნენ  იუსტიციის; შინაგან საქმეთა; საგარეო საქმეთა; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და  ლტოლვილთა სამინისტროების; აგრეთვე, მთავარი პროკურატურის; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს;  უზენაესი სასამართლოს; საგანგებო სიტუაციების მართვისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურების წარმომადგენლები.