იუსტიციის სამინისტროს მაროკოს სამეფოს დელეგაცია ესტუმრა

თარიღი: 08 მაისი 2018
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ მაროკოს სამეფოს დელეგაცია მიიღო. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა და მას დელეგაციის წევრები  და იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სანიკიძე ესწრებოდნენ.
 
მხარეებმა შეხვედრაზე „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) პლატფორმის შესახებ ისაუბრეს. მაროკოს სამეფო ცოტა ხნის წინ გახდა „OGP“-ის წევრი სახელმწიფო და საქართველოსგან, როგორც „OGP“-ის თავმჯდომარე ქვეყნისგან, გამოცდილების გაზიარებით არის დაინტერესებული. 
 
როგორც ცნობილია, საქართველო „OGP“-ის თავმჯდომარე ქვეყანა გასული წლის სექტემბერში გახდა. საქართველომ პლატფორმის თავმჯდომარეობა საფრანგეთის მთავრობისგან გადმოიბარა. ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო პარტნიორობას  2018 წლის 1 ოქტომბრამდე  (1 წლის ვადით) ხელმძღვანელობს.  საქართველო „OGP“-ის რიგით მე-6 თავმჯდომარეა. დღემდე პარტნიორობას ხელმძღვანელობდნენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: დიდი ბრიტანეთი, ინდონეზია, მექსიკა, სამხრეთ აფრიკა და საფრანგეთი. საერთაშორისო დონეზე „OGP“-ის ფორმატში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს. „ღია მმართველობის პარტნიორობა“ 75 ქვეყანას აერთიანებს.
 
იუსტიციის სამინისტროს გარდა, სტუმრებმა შეხვედრები გამართეს საკანონმდებლო ორგანოს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. მაროკოს სამეფოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ორდღიანია და ის დღეს სრულდება.