სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის საბჭოს სამუშაო ჯგუფმა 14 წლამდე არასრულწლოვანთა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისათვის სპეციალური კონცეფცია შეიმუშავა და რეკომენდაციები გამოსცა

თარიღი: 10 მაისი 2018
როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს პასუხი 14 წლამდე არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულზე და როგორ უნდა დაეხმაროს ის რთული და პრობლემური ქცევის ბავშვებს, რათა დაიხსნას ისინი კრიმინალური სამყაროსაგან; როგორ უნდა მოხდეს ასეთი არასრულწლოვნების გამოვლენა, მათი საჭიროებების ანალიზი,  მათთვის კონკრეტული სერვისების შეთავაზება, სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვა და მათი ეფექტიანობის შეფასება − ამ საკითხებზე სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფმა  რეფერირების კონცეფცია შეიმუშავა. კონცეფცია საბჭოს დღეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა.

რეფერირების კონცეფციის თანახმად, 14 წლამდე არასრულწლოვანთა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისათვის ეფექტური ზომა იქნებოდა არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის შექმნა, რომელიც მაკოორდინირებელი ორგანო იქნება და განახორციელებს დანაშაულში მონაწილე 14 წლამდე ასაკის ბავშვების გადამისამართებას სხვადასხვა  ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოსა და უწყების, აგრეთვე, შესაბამისი კერძო ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ სარეაბილიტაციო, კულტურულ, სპორტულ და სხვა მსგავს პროგრამებსა და სერვისებში, ამასთან, უზრუნველყოფს თითოეული ასეთი არასრულწლოვნის შემდგომ მონიტორინგს შესაბამისი პროგრამისა თუ სერვისის ეფექტიანობის შეფასებისა და შესაძლო ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით.

სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციით, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის კონცეფცია სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს 14 წლამდე ასაკის ბავშვების დანაშაულთან ბრძოლის კუთხით დგას. მოქმედი კანონმდებლობით, ამ ასაკის არასრულწლოვნის მიერ ჩადენილ დანაშაულზე გამოძიება წყდება, რადგან 14 წლის ასაკს მიუღწეველ პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ ეკისრება. ამასთან, არ არსებობს ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც მას განმეორებითი დანაშაულის თავიდან აცილებასა და რესოციალიზაციაში დაეხმარება.

სამუშაო ჯგუფის კონცეფციის თანახმად, არასრულწლოვანთა რეფერირება კარგად ორგანიზებული და სტრუქტურირებული პროცესი იქნება, რომლის მიმდინარეობისას მკაფიოდ განისაზღვრება თითოეული მონაწილე ორგანოს, უწყების თუ ორგანიზაციის როლი:
  • არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი საჯარო და კერძო სკოლებისაგან მიიღებს  ინფორმაციას  ქცევითი პრობლემების მქონე მოსწავლეების შესახებ, ჯანდაცვის სამინისტროსაგან კი − მიუსაფარი ბავშვების თაობაზე. გარდა ამისა, ცენტრისათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება ექნება ყველა იმ უწყებას, რომლებიც არასრულწლოვნებთან მუშაობენ, მათ შორის, შსს-ს, პროკურატურას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მუნიციპალიტეტს და სხვ. უწყებები პრობლემური ქცევის ბავშვებს რეფერირების ცენტრში გადაამისამართებენ;
  • ცენტრის თანამშრომლები ინდივიდუალურად შეაფასებენ თითოეულ არასრულწლოვანს და მათ კანონიერ წარმომადგენლებთან, მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციასთან, სოციალურ მუშაკთან გასაუბრებით დაადგენენ,  რა არის არასრულწლოვნის რთული ქცევის მიზეზი და როგორ უნდა აღმოიფხვრას ის. რეფერირების ცენტრის თანამშრომლის მიერ განსაზღვრულ სარეაბილიტაციო პროგრამებში/სერვისებში არასრულწლოვნის მონაწილეობა სავალდებულო იქნება;
  • ცენტრი რეგულარულად განახორციელებს კონკრეტულ პროგრამებში ჩაბმული არასრულწლოვნის რეაბილიტაციის პროცესის მონიტორინგს და ეფექტიანობის შეფასებას. გამოვლენილი ხარვეზებისა და გამოწვევების შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილი უნდა იყოს, კორექტივები შეიტანოს არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებულ პროგრამასა თუ სერვისში ან ჩაანაცვლოს ის სხვა პროგრამით/სერვისით;
  • ცენტრი წარმართავს ბავშვთა რესოციალიზაციის პროგრამას, შექმნის პრობლემური ქცევის მქონე 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთა ერთიან ბაზას, შეიმუშავებს მექანიზმებს მათი დროული იდენტიფიცირებისათვის, ინდივიდუალურად შეაფასებს თითოეულ მათგანს და შეურჩევს შესაბამის სარეაბილიტაციო პროგრამას/სერვისს, განახორციელებს შერჩეული პროგრამის/სერვისის მონიტორინგს და შეაფასებს მის ეფექტიანობას.
სამუშაო ჯგუფმა, ასევე, შეადგინა ცენტრის შექმნისათვის საჭირო სავარაუდო ბიუჯეტი და რეკომენდაცია გაუწია იმ უწყებებსაც (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო ან იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“), რომელთა ბაზაზეც შეიძლება ის შეიქმნას.
სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ საკოორდინაციო საბჭოს წევრები როგორც საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებიდან, ისე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან („საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში − თბილისი“,  კავშირი „21-ე საუკუნე“, „ციხის საერთაშორისო რეფორმა“, სახალხო დამცველის აპარატი, გაერო-ს განვითარების პროგრამა, გაერო-ს ბავშვთა ფონდი, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი, ამერიკის იურისტთა ასოციაცია, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, ევროკავშირის პროექტი „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“, ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში).