აღდგენილი ტრადიცია - საზეიმო საქორწინო ცერემონიის დროს წყვილებს ,,ვეფხისტყაოსანი“ გადაეცემათ

თარიღი: 31 მაისი 2018
საქართველოს დამოუკიდებლობის ასი  წლისთავს  საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კიდევ ერთი ინიციატივით აღნიშნავს. იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივით, დღეიდან ყოველ წყვილს, რომლებიც  საზეიმო ცერემონიის ფარგლებში მოაწერენ ხელს, საჩუქრად შოთა რუსთაველის პოემა ,,ვეფხისტყაოსნის“ სპეციალური გამოცემა გადაეცემა. წიგნის საწყის გვერდზე დატანილია შოთა რუსთაველის აფორიზმი  „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია!“ და მილოცვა ახალდაქორწინებულთათვის. იუსტიციის მინისტრმა პროექტის პრეზენტაცია იუსტიციის სახლში მდებარე ქორწინების სახლში გამართა.
 
იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი ინიციატივა უძველეს ქართულ  ტრადიციას ეხმიანება. ახალდაქორწინებულ ქალს ოჯახიდან მზითვად ატანდნენ „ვეფხისტყაოსანს“, როგორც  უდიდეს საუნჯეს და ახალი ოჯახის აუცილებელ ატრიბუტს.  ამიერიდან სამზითვო „ვეფხისტყაოსანს“ ყოველი ახალდაქორწინებული, საზეიმო ცერემონიის ფარგლებშ,ი ქორწინების მოწმობასთან ერთად მიიღებს სიყვარულის, ერთგულებისა და თანასწორობის ნიშნად.
 
„ვეფხისტყაოსნის“ სასაჩუქრე ეგზემპლარი  გაფორმებულია ცნობილი ქართველი მხატვრის, სერგო ქობულაძის, ილუსტრაციებით, რომელთა ასლები გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის ფოტოფიქსაციის ლაბორატორიაში ინახება.