სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისმა საბჭომ სისხლის სამართლის კოდექსში საბოლოო კონსულტაციების შედეგად შესული ცვლილებები დაამტკიცა

თარიღი: 31 მაისი 2018
სისხლის სამართლის კოდექსის პროექტის შესახებ საბოლოო კონსულტაციების ეტაპზე შემოსულ რეკომენდაციებზე იმსჯელეს უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს თავმჯდომარე თეა წულუკიანი უძღვებოდა.
ცვლილებების მიზანია კოდექსის შესაბამისობაში მოყვანა სისხლის სამართლის ლიბერალიზაციის პოლიტიკასა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან. კანონპროექტი სასჯელის დანიშვნის პროცესში მოსამართლის როლის გაზრდას ითვალისწინებს და აძლევს მას საშუალებას, სასჯელი დანიშნოს  დანაშაულის ხასიათის, ზიანის, დაზარალებულის ინტერესების, დამნაშავის პიროვნების გათვალისწინებით.
სისხლის სამართლის კოდექსის სისტემური და მასშტაბური გადასინჯვა 2013 წელს დაიწყო. სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის საბჭოს ფარგლებში შეიქმნა სისხლის სამართლის ექსპერტთა 4 სამუშაო ჯგუფი მთავრობის, პარლამენტის, სასამართლოს, პროკურატურის და ადვოკატთა ასოციაციის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების და აკადემიის წარმომადგენლების შემადგენლობით. 2014 წლის ივლისში სისხლის სამართლის კოდექსის პროექტი − ევროსაბჭოში, ხოლო შემდგომ ევროკავშირში ექსპერტიზისთვის გაიგზავნა, მათი ექსპერტების  რეკომენდაციები კი პროექტში აისახა. ცვლილებები შევიდა, ასევე, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მოსაზრებების, ადგილობრივი ექსპერტებისა და უწყებების კომენტარების გათვალისწინებით.
სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს 2018 წლის 26 მარტის სხდომაზე ცვლილებათა პროექტის წარდგენის შემდეგ ხელმეორედ დაიწყო კონსულტაციების ეტაპი.  იუსტიციის სამინისტრომ განიხილა ევროსაბჭოს, ევროკავშირის, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ექსპერტების, ასევე, პარტნიორი უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ჯამში, 30-ზე მეტი უწყებისა და ორგანიზაციის რეკომენდაციები, რომელთა  დიდი ნაწილი წარმოდგენილ პროექტში აისახა.
სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებების პროექტი, თავისი შინაარსით, არის საკმაოდ მასშტაბური. კონცეპტუალური და მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის როგორც ზოგად, ისე კერძო ნაწილში, ჯამში, 200-ზე მეტ მუხლში. იცვლება მუხლების დისპოზიციები, სანქციები. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად,
  • ახლებურად განისაზღვრება ჯარიმის მინიმალური და მაქსიმალური ოდენობები; შესაძლებელი იქნება ჯარიმის ნაწილ-ნაწილ გადახდა;  ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას მოსამართლეს შეეძლება, გაითვალისწინოს მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობა, ჯარიმის დღიური ანაზღაურების ოდენობა კი განისაზღვრება დანაშაულის სიმძიმის, მიყენებული ზიანის და სასჯელის მოსალოდნელი შედეგის გათვალისწინებით. კონსულტაციის საბოლოო ეტაპზე შემოსული რეკომენდაციების თანახმად, ჯარიმის მინიმალური ოდენობა განისაზღვრა 50 დღიური ანაზღაურებით; პროექტში გათვალისწინებული აღარ არის ჯარიმის დანიშვნის ალტერნატიული მეთოდი, რომელიც ითვალისწინებდა ჯარიმის თანხის განსაზღვრას დანაშაულის შედეგად მიღებული და მისაღები შემოსავლის  ხუთმაგ ოდენობამდე;
  • 6-იდან 3 თვემდე  მცირდება თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ვადა;
  • გარკვეულ შემთხვევებში, მოსამართლეს ექნება უფლება, საკუთარი ინიციატივით, საპროცესო შეთანხმების არარსებობის შემთხვევაშიც, დანიშნოს კოდექსით გათვალისწინებულ სასჯელზე ნაკლები სასჯელი, მაგრამ ის არ შეიძლება იყოს მინიმალური სასჯელის ნახევარზე ნაკლები;
  • არაძალადობრივი დანაშაულის ჩამდენი პირი, დანაშაულის აღიარებისა და ზარალის ანაზღაურების შემთხვევაში, შეიძლება გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან დაზარალებულთან შერიგების საფუძველზე. ამ შეღავათის გამოყენება მხოლოდ ერთხელ არის შესაძლებელი და ის არ ვრცელდება ძალადობრივი დანაშაულის შემთხვევებზე. კონსულტაციის საბოლოო ეტაპზე შემოსული რეკომენდაციების თანახმად, დაკონკრეტდა იმ პირთა წრე, ვისზეც ვრცელდება შეღავათი. ირთა წრეს დაემატნენ ის პირებიც, რომელთა მიერ ჩადენილი არაძალადობრივი ქმედებისთვის ძირითადი სასჯელის სახედ გათვალისწინებულია მხოლოდ არასაპატიმრო სასჯელი;
  • 400 საათამდე მცირდება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მაქსიმალური ვადა. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა უნდა დაინიშნოს იმგვარად, რომ მისმა აღსრულებამ ხელი არ შეუშალოს მსჯავრდებულის აუცილებელ მკურნალობას ან იმ ვალდებულებების შესრულებას, რომლებიც  დაკავშირებულია მის სწავლასთან. პროექტით გათვალისწინებულია სავალდებულო თანხმობის ელემენტის დამატება პირველი და მეორე ხარისხის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, ორსული ქალისთვის, შვიდ წლამდე ასაკის ბავშვის მარტოხელა მშობლისთვის, საპენსიო ასაკის პირისა და გაწვეული სამხედრო მოსამსახურისთვის.
  • პირობითი მსჯავრის დანიშვნისას სასამართლო გაითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას და პირობითი მსჯავრის მოსალოდნელ შედეგს. სასამართლო უფლებამოსილი იქნება, დაადგინოს დანიშნული სასჯელის სრულად ან ნაწილობრივ პირობითად ჩათვლა იმ შემთხვევაში, თუ სასჯელის მიზნის განხორციელება შესაძლებელი იქნება სასჯელის სრულად ან ნაწილობრივ მოხდის გარეშე;
  • მცირდება გამოსაცდელი ვადის საკანონმდებლო მინიმუმი და მაქსიმუმი − თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნისას გამოსაცდელი ვადის მინიმალური ზღვარი იქნება ექვსი თვე, ხოლო მაქსიმალური − სამი წელი; თავისუფლების აღკვეთის  დანიშვნისას მინიმუმი − ერთი წელი, მაქსიმუმი − ხუთი; დანაშაულთა ერთობლიობის ან განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების შედეგად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას მინიმუმი იქნება ორი, ხოლო მაქსიმუმი − ხუთი წელი. კონსულტაციის საბოლოო ეტაპზე შემოსული რეკომენდაციების თანახმად, დაკონკრეტდა იმ ვალდებულებათა ჩამონათვალი, რომელთა შესრულებაც ეკისრება მსჯავრდებულს;
  • მოვალეობის დაკისრება შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ პირობითი მსჯავრის გამოყენებისას, არამედ არასაპატიმრო სასჯელების გამოყენების შემთხვევაშიც. ფართოვდება ვალდებულებების ჩამონათვალი − ფსიქოლოგის კონსულტაციის მიღება; ფსიქიკური დაავადების მკურნალობის კურსის გავლა; ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა. ვალდებულებს ემატება არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრების უფლების აკრძალვა, რაც კონსულტაციის საბოლოო ეტაპზე შემოსული რეკომენდაციების თანახმად აისახა კოდექსში. პროექტის თავდაპირველ ვერსიაში ეს აკრძალვა დამატებითი სასჯელის სახედ იყო გათვალისწინებული გარკვეული კატეგორიის დანაშაულებისთვის;
  • დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას: ა) უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრ ან იმავე ზომის სასჯელს; ან ბ) სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. სასჯელთა ნაწილობრივ ან სრულად შეკრების შემთხვევაში საბოლოოდ დანიშნული სასჯელის ზომა არ უნდა აღემატებოდეს ჩადენილთა შორის ყველაზე მძიმე დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზღვრისა და მისი ნახევრის ჯამს. საბოლოო კონსულტაციების შედეგად დაზუსტდა ის შემთხვევა, როცა განაჩენთან ერთობლიობის დროს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი აღემატება ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს და მოსამართლე არ იყენებს სასჯელთა ნაწილობრივ ან მთლიანად შეკრების მეთოდს. ასევე, დაკონკრეტდა სასჯელის ათვლის დაწყების მომენტი;
  • პირს არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისას მისთვის უცნობი იყო ფაქტობრივი ან სამართლებრივი გარემოება, რის გამოც მას აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედება მართლზომიერად მიაჩნდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას შეეძლო სცოდნოდა ეს ფაქტობრივი ან სამართლებრივი გარემოება;
  • დანაშაულებრივი ბრძანების ან მითითების შესრულება მხოლოდ მაშინ ათავისუფლებს პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, როცა  პირს ეკისრებოდა ამ პირის ბრძანების ან მითითების შესრულების ვალდებულება; პირმა არ იცოდა, რომ ის დანაშაულებრივი იყო;  ან არ იყო აშკარად დანაშაულებრივი. ხელმძღვანელის დანაშაულებრივი ბრძანების (მითითების) შესრულების გამო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ბრძანების გამცემსაც - ეს ნაწილიც კონსულტაციის საბოლოო ეტაპზე შემოსულ რეკომენდაციებს ასახავს.
ცვლილებები შევიდა კოდექსის კერძო ნაწილშიც − დაიხვეწა გარკვეული მუხლის ფორმულირებები, ნათლად ჩამოყალიბდა დისპოზიციები, გადაიხედა გარკვეული სანქცია. 
სხდომას საკოორდინაციო საბჭოს წევრები; აღმასრულებელი,  საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო და ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.