იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ევროპის საბჭოს პროექტის გახსნით ღონისძიებაში მონაწილეობს

თარიღი: 04 ივნისი 2018
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ევროპის საბჭოს ახალი პროექტის პრეზენტაციაში მონაწილეობს. პროგრამის მიზანი დისკრიმინაციასთან, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულსა და სიძულვილის ენასთან ბრძოლაა. 4-წლიან პროექტს ევროპის საბჭო დანიის სამეზობლო პროგრამასთან (DANEP) ერთად ახორციელებს.

ალექსანდრე ბარამიძემ დღეს გახსნის ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და მათ იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით გატარებული რეფორმები გააცნო.

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, გენდერული თანასწორობისათვის გატარებული რეფორმების, მართლმსაჯულების სფეროს რეფორმის და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შესახებ ისაუბრა. როგორც  მან აღნიშნა, ქართულ კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, რომელთა მიზანია ყველა სახის ძალადობისაგან ქალთა დაცვა როგორც ოჯახში, ისე მის ფარგლებს გარეთ; ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევა; ქალთა მიმართ გამოვლენილი ძალადობის ფაქტებზე ეფექტიანი და დროული რეაგირება და ძალადობის მსხვერპლი ქალების სამართლებრივი დაცვის საშუალებების გაფართოება.
ალექსანდრე ბარამიძემ ისაუბრა, აგრეთვე, უწყებათაშორის კომისიაზე, რომელიც შარშან შეიქმნა, მუშაობს გენდერული თანასწორობის, ქალთა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე და მონიტორინგს უწევს სტამბოლის კონვენციის მოთხოვნებისა და სტანდარტების ეროვნულ დონეზე შესრულებას.

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე შეეხო რეფორმებს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში. მისი თქმით, გასულ კვირას გაიმართა კონსულტაციები  სამთავრობო უწყებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო მისიებს შორის, სადაც სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი განიხილეს.  ცვლილებების მიზანია კოდექსის შესაბამისობაში მოყვანა სისხლის სამართლის ლიბერალიზაციის პოლიტიკასა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან. კანონპროექტი სასჯელის დანიშვნის პროცესში მოსამართლის როლის გაზრდას ითვალისწინებს და აძლევს მას საშუალებას, სასჯელი დანიშნოს დანაშაულის ხასიათის, ზიანის, დაზარალებულის ინტერესების, დამნაშავის პიროვნების გათვალისწინებით.

ალექსანდრე ბარამიძემ ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებაც ისაუბრა, რომლის მოთხოვნებიც, მისი თქმით, თანაბრად ვრცელდება როგორც საჯარო დაწესებულებებზე, ისე კერძო ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებზე, ხოლო უთანასწორობაზე ზედამხედველობას ახორციელებს სახალხო დამცველი.

როგორც ალექსანდრე ბარამიძემ აღნიშნა, დისკრიმინაციული მიდგომების აღმოფხვრის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების კვალდაკვალ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აქტიურად ატარებს ცნობიერების ამაღლების სხვადასხვა ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან საქართველოს მასშტაბით.

„ვფიქრობ, რომ ევროპის საბჭოსა და დანიის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი 4-წლიანი პროექტი მნიშვნელოვნად დაეხმარება მთავრობას ფართომასშტაბიანი და შედეგზე ორიენტირებული პრევენციული კამპანიის განხორციელების მიმართულებით.

იუსტიციის სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს აქტიური თანამშრომლობისთვის“, − განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.
ევროპის საბჭოს თანამშრომლობის პროექტის − „დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, სიძულვილის დანაშაული და სიძულვილის ენა საქართველოში“ − მიზანია  სამართალდამცავი ორგანოების და სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება; ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა საერთაშორისო კანონმდებლობასთან დისკრიმინაციის წინააღმდეგ. პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სახალხო დამცველი.