სტრასბურგის სასამართლომ გიორგი ქართველიშვილის საქმეზე 2007 წელს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა

თარიღი: 08 ივნისი 2018
2018 წლის 7 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე − „ქართველიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ − გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და მომჩივან გიორგი ქართველიშვილის მიმართ  დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3(დ) პუნქტების დარღვევა.  
 
კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ 2007 წელს  მსჯავრდებულ გიორგი ქართველიშვილისათვის თანამესაკნეების დაკითხვაზე უარის თქმით ქართულმა სასამართლოებმა  მის მიმართ დაარღვიეს საქმის სამართლიანი განხილვის უფლება. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვაზე უარმა სასამართლო პროცესი გახადა უსამართლო, რამაც გამოიწვია ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) 1-ლი და მე-3(დ) პუნქტების დარღვევა.  
 
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა მომჩივნის სასარგებლოდ 2 500 ევროს გადახდა მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად, ხოლო ხარჯების ანაზღაურების მიზნით − 300 ევროს გადახდა.
 
მომჩივანი გიორგი ქართველიშვილი, რომელიც პატიმრობაში იმყოფებოდა, სასჯელის მოხდის პერიოდში, 2007 წლის 3 ოქტომბერს გაასამართლეს აკრძალული ნივთის (დასაკეცი დანის) ფლობის გამოც. ქართველიშვილს მიუსაჯეს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული საქმის განხილვის ფარგლებში, გიორგი ქართველიშვილმა ეროვნული სასამართლოების წინაშე მოითხოვა მისი თანამესაკნეების მოწმის სახით დაკითხვა, რაზეც მას უარი ეთქვა.