აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით, მიუსაფარი ბავშვების თემაზე იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული საგრანტო კონკურსები ერთ-ერთ წარმატებულ პრაქტიკად არის მიჩნეული

თარიღი: 29 ივნისი 2018
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების იდენტიფიცირებისა და მათი დახმარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული საგრანტო პროექტებს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით მაღალ შეფასებას აძლევს. კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტები ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებულ მაგალითებს შორისაა დასახელებული. ამის შესახებ 2018 წლის 28 ივნისს გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს აფასებს.

ორი წლის განმავლობაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისათვის ორი საგრანტო პროექტი განახორციელა.

2017 წლის პროექტის მიზანი ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების იდენტიფიცირება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა იყო. გრანტის ღირებულებამ 54000 ლარი შეადგინა.

საგრანტო კონკურსი გულისხმობდა, ერთი მხრივ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დანაშაულის მეორე დონის პრევენციის პროგრამებში ჩართული ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ  იდენტიფიცირებული  ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვებისათვის, რომელთა ჩართვაც სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ სერვისებში არ ან ვერ მოხერხდა, საგანმანათლებლო, შემეცნებითი, სოციალური, კულტურული, სპორტული თუ სხვა სახის პროგრამების სისტემატურ შეთავაზებას, მეორე მხრივ კი, კვლევის ჩატარებასა და არასამუშაო საათებსა და უქმე დღეებში მიუსაფარი ბავშვების ახალი ლოკაციების იდენტიფიცირებას, რაც დაეხმარა სახელმწიფოს ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების იდენტიფიცირებაში.

2018 წლის პირველ ნახევარში იუსტიციის სამინისტრომ ახალი საგრანტო პროგრამა განახორციელა,  რომლის მიზანი იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება არასრულწლოვნების ქუჩაში ცხოვრებასთან ან/და მუშაობასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე; ასევე, მიუსაფარი ბავშვების დაცვის მიზნით არსებულ სახელწიფო მექანიზმებსა და სერვისებზე.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციაზე გაიცა 25000-ლარიანი გრანტი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით, საქართველო კვლავ ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა  სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს და მუდმივ რეჟიმში აგრძელებს თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით. საქართველო რეგიონისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ტრეფიკინგთან ეფექტიანი ბრძოლის კუთხით პირველ კალათაშია ევროკავშირის  ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორიცაა: საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ჩეხეთი, ესპანეთი, შვედეთი, პოლონეთი, ჰოლანდია, დანია, პორტუგალია და სხვა.