კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის დასანერგად ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა

თარიღი: 01 ივლისი 2018
2018 წლის 1 ივლისიდან საქართველოს მთავრობის №343 დადგენილებით დამტკიცებული სავალდებულო ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა. ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის მონაცემების მართვის, ამ მონაცემების სარეზერვო ასლის შექმნის  წესს; არეგულირებს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი უწყებებისა და პირების საქმიანობის სტანდარტებს.

ცვლილებები ხელს შეუწყობს ქვეყანაში კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის ფართოდ გამოყენებას, რაც ელექტრონული მმართველობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას მატერიალური ხელმოწერის  თანაბარი იურიდიული ძალა აქვს და მისი გაყალბება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

ელექტრონული მმართველობის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მისი მიზანია საჯარო უწყებებში შიდა პროცესების გაციფრულება და მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის გამარტივებული, მომხმარებელზე ორიენტირებული და ხარისხიანი ელექტრონული სახელმწიფო სერვისების შეთავაზება.

ამ  მიზნის მისაღწევად მთავრობა ინტენსიურად მუშაობს სახელმწიფო სერვისების შექმნისა და მიწოდების ერთიან პოლიტიკაზე, რაც მომსახურების ფიზიკურ მიწოდებასთან ერთად ონლაინ სერვისების დახვეწას ითვალისწინებს.  კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის დამატებითი ინსტრუმენტების დანერგვა დააჩქარებს მომსახურების მიღების დროს და საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, დისტანციურად და უსაფრთხოდ მიიღონ სახელმწიფო სერვისები.

„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონი 2017 წლის 21 აპრილიდან მოქმედებს. კანონის შესაბამისად, 2018 წლის 1 ივლისიდან ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებულნი არიან, ელექტრონულ დოკუმენტებზე გამოიყენონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპი.  ასევე,  თუ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირები ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობისას აირჩევენ ელექტრონული კომუნიკაციის გზას და მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტი საჭიროებს ხელმოწერას, სავალდებულოა ასეთ დოკუმენტზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა.
2018 წლის 1 ივლისამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ კვალიფიციური სანდო მომსახურების ერთადერთი მიმწოდებელი იყო. 1 ივლისის შემდეგ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნის თანახმად, პირი, რომელსაც სურს, გახდეს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი, ვალდებულია, გაიაროს ავტორიზაცია იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოში“. ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი კრიტერიუმების დაცვა აუცილებელია იმისათვის, რომ პირი გახდეს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი.

ტექნიკური რეგლამენტი ადგენს ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალების კვალიფიციურად აღიარების მეთოდებს, განსაზღვრავს სერვისის მიმწოდებლების კონტროლისა და შემოწმების მექანიზმებს, არეგულირებს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის უფლებებსა და მოვალეობებს, ადგენს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის ძირითადი ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ადგილმდებარეობას. ამასთან, ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს იმ კრიტერიუმებსა და სტანდარტებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის სერტიფიკატი და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის შექმნის საშუალება.
2018 წლის 28 ივნისს ცვლილებები შევიდა იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ფუნქციებშიც, რომელიც ამ ეტაპზე ერთადერთი  კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელია. სააგენტოს არსებულ მომსახურებებს დაემატა ახალი მომსახურებები, რომლებიც საშუალებას მისცემს ადმინისტრაციულ ორგანოებსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, მიიღონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპი, რომელსაც გამოიყენებენ ელექტრონულ დოკუმენტებზე ხელმოსაწერად. ცვლილების შესაბამისად, ახალი მომსახურებების ნაწილის საფასური ფიქსირებულია და იწყება 200 ლარიდან. მომსახურებების ნაწილის შემთხვევაში არ არის განსაზღვრული ფიქსირებული საფასური და დამოკიდებულია მომსახურების მიმღების მიერ შერჩეული მომსახურების პარამეტრებზე.