​თეა წულუკიანი „OGP“-ის გლობალური სამიტის დახურვაზე: ,,საქართველოს მთავრობას ღრმად გვწამს, რომ გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და მოქალაქეთა ჩართულობა ის ძირითადი პრინციპებია, რასაც ვემსახურებით და რისი სამართლებრივი თუ მოქალქეობრივი ვალდებულებაც ჩვენი მოქალაქეების წინაშე გვაქვს“

თარიღი: 19 ივლისი 2018
დღეს ოფიციალურად დაიხურა ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership - OGP) მე-5 გლობალური სამიტი. სამი დღის განმავლობაში თბილისმა უმასპინძლა 76 ქვეყნის 2 500-ზე მეტ დელეგატს; ასობით სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ და საერთაშორისო მედიას. სამიტის განმავლობაში გაიმართა 80-ზე მეტი სესია და  გლობალური ფორუმისთვის სპეციალურად ჩამოვიდა საპატიო სტუმარი, პირველი ჰუმანოიდი - რობოტი სოფია. სოფიამ მონაწილეობა მიიღო სესიაში „ინოვაციები საჯარო სერვისებში“.

სამიტის დახურვისას შემაჯამებელი სიტყვით სტუმრების წინაშე წარდგა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. მან მადლობა გადაუხადა სამიტის მონაწილეებს და სტუმრებს, მედიის წარმომადგენლებს. თეა წულუკიანმა, როგორც „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელმა, თავის სიტყვაში განაცხადა, რომ სამიტი შედგა. გაიმართა უამრავი საინტერესო პანელი, სესია, დისკუსია ჩვენი ქვეყნის წარმატებასა და გამოწვევებზე. მოხდა ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება და დაისახა თანამშრომლობის კონკრეტული გზები.

იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ სწორედ ამ კონკრეტული გზების დასახვა არის ასეთი მასშტაბური სამიტის მიზანი და საორიენტაციო შედეგი, მოქალაქეების უკეთესი მომავლისთვის ზრუნვა და შესაბამისი, თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა. თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მისთვის „OGP“-ის თავმჯდომარეობა არასდროს ყოფილა მხოლოდ პრივილეგია; ის მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას გულისხმობს როგორც ჩვენი მოქალაქეების, ისე საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მისი თავმჯდომარეობის დროს  ყოველთვის ცდილობდა, საქართველო სხვებისთვის ყოფილიყო სამაგალითო, რომ ჩვენს ქვეყანას გაეზიარებინა საკუთარი გამოცდილება და დახმარებოდა  სხვებს  რეფორმების განხორციელებაში.

„საქართველოს მთავრობას ღრმად გვწამს, რომ გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და მოქალაქეთა ჩართულობა - ეს ის ძირითადი პრინციპებია, რასაც ჩვენ ვემსახურებით და რისი სამართლებრივი თუ მოქალაქეობრივი ვალდებულებაც ჩვენი მოქალაქეების წინაშე გვაქვს. როგორც ქართული ლიტერატურის კლასიკოსი  ვაჟა-ფშაველა ამბობდა, „რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს, თავისი სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას და კეთილდღეობას“. მე მჯერა, რომ ზუსტად ეს არის ჩვენი ყველას საერთო მიზანი! რა თქმა უნდა, დემოკრატიის გზა გამოწვევებით არის სავსე, არც საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის თანამშრომლობა არ არის ყოველთვის მარტივი და შესაძლოა, ბევრი წინააღმდეგობითაც იყოს სავსე, მაგრამ სწორედ მთავრობებისა და სამოქალაქო სექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, ჩართულობითი და თანამონაწილეობის (co-creation) პრინციპი ხდის ამ პროცესს ნაყოფიერსა და ღირებულს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

თავისი გამოსვლის ბოლოს იუსტიციის მინისტრმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა სამიტის ყველა დელეგატს, მთავრობებსა და სამოქალაქო სექტორს, საერთაშორისო პარტნიორებს,  თანათავმჯდომარეს, ბატონ მუკელანი დიმბას, ბატონ სანჯეი პრადანს და მის მთლიან გუნდს ძლიერი პროდუქტიული თანამშრომლობისთვის:

„მე მაიმედებს ის ფაქტი, რომ პარტნიორობა საიმედო ხელში იქნება, როცა მიმდინარე წლის სექტემბერში გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ჩვენ თავმჯდომარეობას გადავაბარებთ ღირსეულ წამომადგენლებს - კანადის მთავრობასა და ბატონ ნათანიელ ჰელერს. საქართველო, რა თქმა უნდა, დარჩება „OGP“-ის და მისი სამეთვალყურეო საბჭოს აქტიური წევრი, რადგან „OGP“-ის პრინციპები და ღირებულებები ჩვენთვის ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი მთავრობის და მოქალაქეთა მთავარი მიზანი. ამით „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალურ  სამიტს დახურულად ვაცხადებ!“

საქართველო 17-19 ივლისს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალურ სამიტს თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით მასპინძლობდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყანა მაღალი რანგის საერთაშორისო პარტნიორობის ხელმძღვანელია, რომელიც მსოფლიოს 76 სახელმწიფოს აერთიანებს.

საზეიმო ცერემონია 18 ივლისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  მამუკა ბახტაძემ გახსნა. სამიტი საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლისთავისადმი მიძღვნილი მოკლე ვიდეოფილმითა და მუსიკალური პერფორმანსით გაიხსნა. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ აღმასრულებელმა  დირექტორმა  სანჯეი პრადანმა   და პარტნიორობის თანათავმჯდომარე სამოქალაქო საზოგადოებიდან მუკელანი დიმბამ. სამიტის 80-ზე მეტ სესიას კი ფუნიკულიორის კომპლექსმა უმასპინძლა.

სამიტზე საქართველომ  წარადგინა  „ღია მმართველობა − საქართველოს“ მეოთხე ეროვნული  სამოქმედო გეგმა, რომელზეც იუსტიციის სამინისტროს კოორდინაციით საქართველოს მთავრობა მუშაობდა და რამდენიმე დღის წინ ერთხმად იქნა მიღებული.