იუსტიციის მინისტრმა და ევროპარლამენტის მომხსენებელმა წარმატებულ რეფორმებზე ისაუბრეს

თარიღი: 24 ივლისი 2018


რა მიღწევები აქვს იუსტიციის სამინისტროსა და მთავრობას ევროპასთან ასოცირების დღის წესრიგის შესრულების პროცესში, ასევე უვიზო რეჟიმის წარმატებით შენარჩუნების მხრივ; როგორ გაგრძელდება მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა − კომერციული პალატების შემოღება საერთო სასამართლოების სისტემაში და კანონი მედიაციის შესახებ; რა რეიტინგები აქვს საქართველოს საერთაშორისო კვლევებში კორუფციისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და როგორია ამ მიღწევებში იუსტიციის სამინისტროს როლი; როგორ უნდა გაგრძელდეს რეფორმები სასჯელაღსრულების სისტემაში, რომლის წარმატების შესახებაც ფართოდ არის ცნობილი −  ამ თემებზე ისაუბრეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ევროპარლამენტის მომხსენებელმა საქართველოს საკითხებში ანდრეს მამიკინსმა. შეხვედრა დღეს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები მიხეილ სარჯველაძე და გოჩა ლორთქიფანიძე, ევროპარლამენტის დელეგაციის წევრები.

თეა წულუკიანმა ევროპარლამენტის მომხსენებელს ინფორმაცია მიაწოდა იმ რეფორმებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით ხორციელდება.

ანდრეს მამიკინსმა იუსტიციის მინისტრს გატარებული რეფორმებისა და ამ რთულ გზაზე მყარი პოზიციების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა. იუსტიციის მინისტრმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ ევროპალამენტისა და მისი მომხსენებლის როლი განუზომლად დიდია საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისა და უვიზო მიმოსვლის მიღწევის საქმეში. „ევროპული არჩევანი და რეფორმების გზა ჩვენი ქვეყნის და ხალხის არჩევანია, მადლობას გიხდით ამ პროცესში მუდმივი მხარდაჭერისა და რჩევებისათვის.“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. მან ისაუბრა, აგრეთვე,  მართლმსაჯულების რეფორმის სამ ტალღაზე, რომლებმაც უზრუნველყო სასამართლო ხელისუფლებისა და თითოეული მოსამართლის მეტი დამოუკიდებლობა  და სტუმარს მიაწოდა სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც მოწმობს, რომ მოქალაქე დღეს უსამართლოდ აღარ მტყუნდება სასამართლოს წინაშე არც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დავაში და არც პროკურატურის პირისპირ სისხლის სამართლის საქმეების განხილვისას. თეა წულუკიანმა ხაზი გაუსვა ამ რეფორმების გაგრძელების  საჭიროებას და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრო მუშაობს სპეციალიზებული კომერციული პალატების შექმნაზე საგადასახადო და ბიზნესდავებისათვის. აღინიშნა, რომ პროკურატურის რეფორმის ძირითადი პროცესი, რომელიც 2013 წლის მაისში დაიწყო, პროკურატურის აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან საბოლოოდ გამოყოფით წარმატებით დასრულდება 2018 წლის ნოემბერში; ამ მხრივ გასაანალიზებელია საპროკურორო საბჭოს სამომავლო ფუნქცია და როლი ისე, რომ არ დაიკარგოს ის მიღწევა, რომელიც ვენეციის კომისიამ თანამედროვე და ეფექტურ რეფორმად შეაფასა; ითქვა, რომ სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი პატიმართა თავისუფლებისათვის მომზადება, მათი რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია და ამ გზით რეციდივის თავიდან აცილება იქნება, ასევე დაიგეგმება ევროპული გამოცდილების გაზიარება სასჯელაღსრულების თანამშრომელთა მოტივაციის გაზრდისა და მათი განგრძობადი განათლების მიზნით.