ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე

თარიღი: 30 ივლისი 2018
30 ივლისს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრომ ტრეფიკინგის საკითხებზე მომუშავე სხვა სამთავრობო უწყებებთან, ამერიკის საელჩოსა და  ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა. ღონისძიებას იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ესწრებოდნენ საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის თანამშრომლები.
შეხვედრის ფარგლებში საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსმა, ქეთევან სარაჯიშვილმა, წარადგინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, როგორც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ხელმძღვანელი უწყების, თაოსნობით განხორციელებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური ღონისძიებები.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ტრეფიკინგთან ბრძოლა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.  ამას მოწმობს ისიც, რომ 2018 წლის ანგარიშით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მიერ ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით გატარებული ღონისძიებები კვლავ პოზიტიურად შეაფასა.

როგორც ცნობილია, აშშ-ის ანგარიშის მიხედვით საქართველო ევროკავშირისა და დასავლური სახელმწიფოების გვერდით კვლავ ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს და მთავრობა სისტემატურად ახორციელებს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ წელს პირველად  აღმოსავლეთის პარტნიორობის სახელმწიფოებს შორის მხოლოდ საქართველო მოხვდა რეიტინგული სკალის უმაღლეს საფეხურზე. ამასთან, ანგარიშში წელს პირველად გამოიყო საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიუსაფარი ბავშვების პრობლემის აღმოფხვრის მიმართულებით. ჩვენი ქვეყნის მოდელი საუკეთესო მაგალითად დასახელდა.

გარდა ამისა, ეუთო-ს დემოკრატიულ დაწესებულებათა და ადამიანის უფლებათა ოფისმა ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის ეროვნული რეფერალური მექანიზმი შეაფასა, როგორც ერთ-ერთი წარმატებული მოდელი, და გადაწყვიტა მისი ასახვა ეუთო-ს ეგიდით შემუშავებულ სახელმძღვანელო დოკუმენტში.

ევროპის საბჭოს ტრეფიკინგთან ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) მიერ 2016 წლის ივნისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველომ 2012 წლიდან მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ტრეფიკინგთან ბრძოლის პოლიტიკის დახვეწის მიმართულებით; ხოლო საერთაშორისო კვლევის − „მონობის გლობალური ინდექსის“ − 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, ტრეფიკინგთან ბრძოლაში საქართველოს მიერ გატარებული ეფექტიანი ღონისძიებების შედეგად, საქართველო რეგიონში პირველ ადგილს იკავებს.

ტრეფიკინგთან ბრძოლის პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქუჩაში მცხოვრებ თუ მომუშავე ბავშვთა საუკეთესო ინტერესებისა და უფლებების დაცვას, ასევე, მათ მიმართ ყოველგვარი ძალადობის პრევენციას.

ამ კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები, რამაც შემოიტანა მიუსაფარი ბავშვის ცნება და შესაძლებელი გახადა, ამ ბავშვებისთვის იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ“ უსასყიდლოდ გასცეს  საიდენტიფიკაციო დოკუმენტები. დოკუმენტაციის მოწესრიგება, თავის მხრივ,  შესაძლებლობას აძლევს ბავშვებს, ჩაერთონ განათლების, ჯანდაცვის, სოციალურ თუ სხვა სახელმწიფო პროგრამებში.

გარდა საკანონმდებლო ცვლილებებისა, იუსტიციის სამინისტრომ 2016-2018 წლებში არასამთავრობო ორგანიზაციებზე 79000 ლარის ოდენობის გრანტი გასცა, რომელიც  სხვა ღონისძიებებთან ერთად მიზნად ისახავდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას იმ საფრთხეების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია არასრულწლოვნების ქუჩაში ცხოვრებასა და მუშაობასთან, მათთვის მოწყალების გაცემით ბავშვების ქუჩაში ყოფნის წახალისებასთან. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მომზადდა ვიდეორგოლი და სხვადასხვა ენაზე დაიბეჭდა საინფორმაციო ბროშურები.

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე 2014 წლიდან ყოველი წლის 30 ივლისს აღინიშნება. საერთაშორისო საზოგადოება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით ფართოდ აღნიშნავს ამ დღეს, რითაც ხაზს უსვამს ტრეფიკინგის პრობლემის  მნიშვნელობას.

საქართველო, როგორც გაერო-ს წევრი სახელმწიფო, იზიარებს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სულისკვეთებას და უერთდება ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას.