საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ მეორე სხდომა გამართა

თარიღი: 31 ივლისი 2018
უწყებათაშორისმა კომისიამ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის მეორე სხდომა გამართა. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის შექმნილი კომისიის სხდომას უძღვებოდა თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. სხდომას კომისიის წევრები − აღმასრულებელი ხელისუფლების, საარჩევნო პროცესში ჩართული პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.  
 
სხდომაზე უწყებათაშორისმა კომისიამ მოისმინა  შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილის ინფორმაცია  მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ადიგენში პოლიტიკური გაერთიანების − „ევროპული საქართველო − მოძრაობა თავისუფლებისთვის“ − წარმომადგენელ ზურაბ შაინიძის სავარაუდო ცემის ფაქტს ეხება. ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ადიგენში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირები შსს-მ 126-ე მუხლით გუშინვე დაიწყო გამოძიება. მისივე თქმით, დაკითხულია 30-მდე მოწმე, დანიშნულია რამდენიმე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და  ჩატარებულია რიგი საგამოძიებო მოქმედებებისა.
 
ამასთან, კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა კომისიის წევრებს „NDI“-ს რეკომენდაციის შესასრულებლად მოუწოდა, გაააქტიურონ ან თავიდან გამოსცენ უწყებებში ბრძანება საჯარო მოხელეების ქცევის წესების შესახებ. ზოგიერთ უწყებაში, იუსტიციის სამინისტროს მსგავსად, ეს ბრძანება მოქმედია. მინისტრმა სთხოვა კომისიის წევრებს, მოქმედი ბრძანების შესახებ თანამშრომლებს შეხსენება დაეგზავნოთ.
 
უწყებათაშორისი კომისია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე 2018 წლის 1 ივლისს შეიქმნა, როგორც ამას საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს. თავისუფალი და სამართლიანი  არჩევნებისთვის კომისიის მიზანია წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვა, არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება.
 
კომისია უზრუნველყოფს უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაციას და ხელს უწყობს დიალოგს საქართველოს მთავრობასა და არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის. უწყებათაშორისი კომისია ითანამშრომლებს საარჩევნო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებსა და ბლოკებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამკვირვებლებთან.
კომისის სხდომაზე საკითხის დაყენების უფლება აქვს საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პოლიტიკურ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციას თუ დამკვირვებელს. მედიის წარმომადგენლებს როგორც სხდომის დაწყების, ისე  დასრულების შემდეგ საშუალება აქვთ, გაესაუბრონ მათთვის სასურველ რესპონდენტს. ამასთან, სხდომის ყველა ოქმი და რეკომენდაცია ღიაა და სხდომის დასრულების შემდეგ ქვეყნდება იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.
 
კომისია საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე შეიკრიბება 2 კვირაში ერთხელ მაინც, ხოლო რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ − არანაკლებ კვირაში ერთხელ. კომისია განიხილავს  მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის ფაქტებს; იმსჯელებს იმ შესაძლო დარღვევების შესახებ, რომელთაც კომისიას მოაწვდიან პოლიტიკური გაერთიანებები (საარჩევნო სუბიექტები) ან დამკვირვებელი ორგანიზაციები.
 
თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნის ხელშეწყობისთვის კომისია შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საჯარო მოსამსახურეებისადმი, ადმინისტრაციული ორგანოებისადმი, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისადმი და მიმართავს მათ შესაბამისი ღონისძიებების გონივრულ ვადაში გატარების მოთხოვნით.
 
უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შედიან სამინისტროების, მთავარი პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, თბილისის მერიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები.
 
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის, 2015 წლის შუალედური, 2016 წლის საპარლამენტო, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის და 2018 წლის შუალედური არჩევნების დროს აქტიურად მუშაობდა. აღნიშნული კომისიის მუშაობამ, რომელსაც ამ წლების განმავლობაში იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობდა, საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშებში მაღალი შეფასება დაიმსახურა.