იუსტიციის მინისტრმა ომით დაზარალებულ ქალებს, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას საერთაშორისო სასამართლოებში მიმდინარე დავების შესახებ ანგარიში ჩააბარა

თარიღი: 08 აგვისტო 2018
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის საზოგადოებრივ ცენტრში 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს დაზარალებულ ქალებთან, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.  შეხვედრას ომში დაღუპულთა დედები და ის ქალები ესწრებოდნენ, რომელთაც შეიარაღებული კონფლიქტის მთელი სიმძიმის გადატანა მოუხდათ. ამ ქალების, ისევე როგორც სხვათა, ცხოვრება, ომმა სამუდამოდ შეცვალა, რადგან   რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად ბევრმა მათგანმა ყველაზე ახლობელი ადამიანები დაკარგეს.
 
მათთან შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა და მისმა მოადგილემ აგვისტოს ომის დროს მომხდარი დანაშაულების გამოძიების მიზნით საერთაშორისო სასამართლოებში მიმდინარე დავებზე ისაუბრეს. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აგვისტოს ომის დანაშაულების გამოძიების მიზნით ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან აქტიურად თანამშრომლობს. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს მომხდარ დანაშაულებს იძიებს, რათა გამოვლენილ და დასჯის იქნენ  დამნაშავეები ქართველების ეთნიკურ წმენდაში, ქართველი სამხედრო ტყვეების წამებასა და მკვლელობაში.
 
ამასთან, მინისტრმა და მისმა მოადგილემ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთ-საქართველოს მეორე სახელმწიფოთაშორისი დავის შესახებაც ისაუბრეს, რომლის თაობაზეც დასკვნითი სხდომა სტრასბურგში 2018 წლის 23 მაისს გაიმართა. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2013 წლის შემდეგ სასამართლოს 700-ზე მეტი მტკიცებულება წარუდგინა, რომლებიც ეთნიკური ქართველების წმენდის, წამების, საკუთრების განადგურებისა და სხვა უფლებების მასობრივ დარღვევებს ადასტურებს.
 
თეა წულუკიანმა და გოჩა ლორთქიფანიძემ ომით დაზარალებულ ქალებს, ადგილობრივ მცხოვრებთ განუმარტეს, თუ რას უნდა ელოდოს საქართველო ამ ორი საერთაშორისო სასამართლოსგან, როგორია სამართლებრივი დავის პროცედურები, რა ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო და, კერძოდ, იუსტიციის სამინისტრო საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე დავების მოსაგებად. შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრმა და მისმა მოადგილემ შეკითხვებს უპასუხეს.
 
შეხვედრაზე დამსწრე ქალთა ნაწილი აგვისტოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი სპეციალური წიგნის − “sHEROes” − გმირები არიან. წიგნის ავტორები გახლავთ მწერალი სალომე ბენიძე და ფოტოგრაფი დინა ოგანოვა.  “sHEROes”-ის  მთავარი გმირები  აგვისტოს ომის თვითმხილველი და მონაწილე ქალები არიან. ღონისძიების ფარგლებში, წიგნში გამოყენებული ფოტომასალის გამოფენა მოეწყო, რომელიც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად დაათვალიერა.  წიგნი საოკუპაციო ზოლთან მდებარე საზოგადოებრივი ცენტრების ბიბლიოთეკებს საჩუქრად გადაეცა.
 
საოკუპაციო ხაზთან საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობის ინიციატივა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ეკუთვნის. ცენტრები მოქმედებს სოფლებში: ტყვიავში, მეჯვრისხევში, ბერძენაულში, ორსანტიასა და რუხში. ამ ცენტრების მიზანია კონფლიქტით დაზარალებული მოქალაქეებისთვის სახელმწიფო სერვისების შეუფერხებლად მიწოდება.