საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაცია გამოსცა

თარიღი: 14 აგვისტო 2018
უწყებათაშორისმა კომისიამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის 13 აგვისტოს სხდომაზე  რეკომენდაცია გამოსცა.
უწყებათაშორისი კომისია, აკისრია რა პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარებას, მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმად თვლის 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის, 2016 წლის საპარლამენტო და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში მის მიერ გამოცემულ რეკომენდაციებს, ითვალისწინებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოს კანონმდებლობაში მოცემული დებულებები შეიძლება არასაკმარისი აღმოჩნდეს წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) პერიოდის განმარტებისთვის, და რეკომენდაციით მიმართავს:
 
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების საჯარო მოსამსახურეებს:
 
მიუხედავად იმისა, რომ „საქართველოს საარჩევნო კოდექსის”  45-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების კონკრეტული პერიოდი, კერძოდ, წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, საჯარო მოსამსახურეებმა უფრო მაღალი სტანდარტის დამკვიდრების მიზნით საქართველოს პრეზიდენტის მიერ არჩევნების თარიღის  დანიშვნიდან დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მაქსიმალურად გამიჯნონ საკუთარი პროფესიული საქმიანობა საარჩევნო პოლიტიკური პროცესებისგან.
 
კერძოდ, უწყებათაშორისი კომისია მოუწოდებს საჯარო მოხელეებს, თავი შეიკავონ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისაგან უკვე არჩევნების თარიღის ოფიციალურად გამოცხადების მომენტიდან და არა წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) დაწყებიდან, როგორც ეს „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“  45-ე მუხლის პირველი პუნქტითაა დადგენილი.

კომისია მიიჩნევს, რომ, მიუხედავად კანონმდებლობისა, რომელიც საჯარო მოხელეებს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას წინასაარჩევნოდ უზღუდავს, რაც არჩევნებამდე 60-დღიან   პერიოდს გულისხმობს, საჯარო მოსამსახურეებმა უფრო მაღალი სტანდარტის დამკვიდრების მიზნით საქართველოს პრეზიდენტის მიერ არჩევნების თარიღის  დანიშვნიდან დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მაქსიმალურად გამიჯნონ საკუთარი პროფესიული საქმიანობა საარჩევნო პოლიტიკური პროცესებისგან.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარება სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. შესაბამისად, უწყებათაშორისი კომისია არ იზღუდება მხოლოდ კანონის მოთხოვნების დაცვით და მოუწოდებს ყველა საჯარო უწყებასა და საჯარო მოსამსახურეს, დაიცვან სამართლიანობისა და გამჭვირვალობის ყველაზე მაღალი სტანდარტები.