შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციული პრაქტიკა − იუსტიციის სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი შეიტანა

თარიღი: 22 აგვისტო 2018
21 აგვისტოს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს სახელით ახალი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი „საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“  შეიტანა. 
საჩივარი ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა 2008 წლის ომის შემდეგ და კრიტიკულ ზღვარს მიაღწია მიმდინარე წლის თებერვალში არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის დროს.  

საქართველოს მოთხოვნაა, რომ ევროპულმა სასამართლომ დაადგინოს რუსეთის პასუხისმგებლობა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევისთვის. კერძოდ, განგრძობადი ოკუპაციით, მავთულხლართების გაბმითა და საქართველოს მოსახლეობის მიმართ წარმოებული მიზანმიმართული კამპანიით რუსეთის მიერ ირღვევა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), მე-13 (სამართლებრივი ქმედითი საშუალების უფლება) მუხლები, პირველი ოქმის პირველი (საკუთრების უფლება) და მე-2 (განათლების უფლება) მუხლები, მე-4 დამატებითი ოქმის მე-2  მუხლი (მიმოსვლის თავისუფლება).
ამასთან, ამ დარღვევებს აქვს დისკრიმინაციული მოტივი და მიზნად ისახავს ეთნიკური ქართველების კიდევ უფრო მეტად შევიწროებასა და დაშინებას, რათა ხელი შეუშალოს საქართველოს მოსახლეობის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაბრუნებას. შესაბამისად, ირღვევა კონვენციის მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) და მე-18 (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მუხლები კონვენციის მე-5 მუხლთან (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), პირველი ოქმის პირველ (საკუთრების უფლება) და მე-2 (განათლების უფლება) მუხლებსა და მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლთან (მიმოსვლის თავისუფლება) ერთობლიობაში.

საქართველომ სტრასბურგის სასამართლოს წარუდგინა შესაბამისი მტკიცებულებები და საჩივარში მკაფიოდ დააყენა რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მოსახლეობის უფლებების დარღვევების ადმინისტრაციული პრაქტიკისთვის. სხვებს შორის, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებს. აგრეთვე, საჩივარში მკაფიოდაა აღნიშნული, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს საკუთარი პროცედურული ვალდებულებების შესასრულებლად, რომელთა ფარგლებშიც გამოიკვეთა პასუხისმგებელი პირები და აქტიურად ხდება საერთაშორისო, მათ შორის, ინტერპოლის, მექანიზმის გამოყენება.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულები ჩადენილია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს პროკურატურა მოკლებულია შესაძლებლობას, სრულად დაადგინოს ყველა გარემოება და პასუხისგებაში მისცეს ყველა დამნაშავე პირი. მათ შორის, ამ ეტაპზე ვერ ხერხდება არჩილ ტატუნაშვილის თავისუფლების უკანონო აღმკვეთი სხვა პირებისა და წამების  უშუალოდ ჩამდენი პირების იდენტიფიცირება. კერძოდ, გამოძიების პროცესში არსებობს შემდეგი შეფერხებები: დღემდე ვერ იქნა დათვალიერებული შემთხვევის ადგილი; ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლები, ფაქტობრივად, უარს აცხადებენ არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების, მობილური ტელეფონის და ტანსაცმლის გადმოცემაზე, რომელიც მას ეცვა წამების და გარდაცვალების მომენტში; ვერ ხერხდება იმ მოწმეთა გამოკითხვა, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე და ფლობენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას. ამასთან, დღემდე ვერ ხერხდება ბრალდებულების დაკავება, ვინაიდან იმყოფებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ გამოძიების სრულყოფილად წარმართვას ხელს უშლის როგორც რუსეთის ფედერაცია, ისე მის მიერ ეფექტურად კონტროლირებადი დე ფაქტო ორგანოები, რომლებიც ცდილობენ დანაშაულის დაფარვას და გამოძიებისთვის კვალის არევას; დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებით,  არჩილ ტატუნაშვილის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გაყალბების მეშვეობით ალტერნატიული ვერსიების შექმნითა და საქართველოს საგამოძიებო ორგანოებისთვის ხელის შეშლით.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, მთავრობასთან შეთანხმებით,  ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო სარჩელის მომზადება სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნად, როდესაც ჩვენი ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობდა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ცხინვალის რეგიონიდან დასაბრუნებლად.

სტრასბურგის სასამართლო საჩივარს განიხილავს სასამართლოს რეგლამენტისა და ევროპული კონვენციით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით.

საქართველოს სახელმწიფოს ამ დრომდე ორი სახელმწიფოთაშორისი დავა ჰქონდა რუსეთთან. მათ შორის, პირველ დავაზე, რომელიც რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციას ეხებოდა, გადაწყვეტილება უკვე ცნობილია და ეს საქმე საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. მეორე დავას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხება, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო დასკვნით სხდომაზე (2018 წლის 23 მაისს) ღირსეულად წარდგა და ახლა გადაწყვეტილების გამოცხადებას ელის.