იუსტიციის მინისტრი საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილეს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ცესკო-ს წინააღმდეგ დაგეგმილ კამპანიაში მონაწილეობისგან

თარიღი: 24 აგვისტო 2018

უწყებათაშორისმა კომისიამ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის მეოთხე სხდომა გამართა. სხდომას უძღვებოდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. ღონისძიებას ესწრებოდნენ კომისიის წევრები − აღმასრულებელი ხელისუფლების, საარჩევნო პროცესში ჩართული პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კომისიამ მოისმინა ინფორმაცია საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლისგან, რომელმაც განაცხადა, რომ ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას გამოძიების დასრულებამდე და კანონიერ ვადაზე ადრე დაუბრუნდება ის მოპარული კომპიუტერული ტექნიკა და ნივთები, რომლებიც პარტიის ოფისის გაქურდვის ცხელ კვალზე გახსნის შედეგად იქნა მიკვლეული და ნივთმტკიცებებად ცნობილი. ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ პარტიამ წინასაარჩევნოდ სრულფასოვანი ფუნქციონირება შეძლოს.

კომისიის სხდომაზე დისკუსია გაიმართა საია-ს კვლევად ცნობილი დოკუმენტის შესახებ, რომელიც საარჩევნო საოლქო კომისიების 73 წევრის შერჩევის პროცესში შესაძლო ხარვეზებს ეხებოდა. საია-ს წარმომადგენლის განცხადებით, კვლევაში საუბარია 73-დან 11 სავარაუდო შემთხვევაზე, როდესაც საარჩევნო საოლქო კომისიაში დანიშნული პირები, „შესაძლოა“ იყვნენ თანამდებობის პირების ნათესავები, რაც, როგორც თავად საია-მ განაცხადა, არ არის კანონდარღვევა.

კომისიის თავმჯდომარემ საარჩევნო პროცესის მონაწილეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ცესკო-ს დისკრედიტაციის მცდელობის ან ამგვარ მცდელობაში მონაწილეობისგან უტყუარი მტკიცებულებების გარეშე. თავმჯდომარემ ითხოვა, საიას წარმოედგინა მეთოდი, რომლითაც დადგინდა ნათესაური კავშირები, ვინაიდან მეთოდის შესახებ მოცემულ დოკუმენტში საუბარი არ არის, რის გარეშეც წარმოუდგენელია არსებობდეს სერიოზული კვლევის დოკუმენტი. გადაწყდა, რომ საია უწყებათაშორის კომისიას უმოკლეს ვადაში წარუდგენს მეთოდს, რომლითაც დადგინდა ნათესაური კავშირები და დამუშავდა პირთა პერსონალური მონაცემები.

ცესკო-ს წარმომადგენელმა თავის მხრივ განაცხადა, რომ საარჩევნო საოლქო კომისიებში პირთა შერჩევა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მოხდა, რაზეც ის ფაქტიც მოწმობს, რომ შერჩევის აქტი არ გასაჩივრებულა არც პოლიტიკური პარტიების, არც სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან.

უწყებათაშორისი კომისია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე 2018 წლის 1 ივლისს შეიქმნა, როგორც ამას საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის კომისიის მიზანია წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვა, არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება.

კომისია უზრუნველყოფს უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაციას და ხელს უწყობს დიალოგს საქართველოს მთავრობასა და არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის. უწყებათაშორისი კომისია ითანამშრომლებს საარჩევნო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებსა და ბლოკებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამკვირვებლებთან.
კომისიის სხდომაზე საკითხის დაყენების უფლება აქვს საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პოლიტიკურ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციას თუ დამკვირვებელს. მედიის წარმომადგენლებს როგორც სხდომის დაწყების, ისე დასრულების შემდეგ საშუალება აქვთ, გაესაუბრონ მათთვის სასურველ რესპონდენტს. ამასთან, სხდომის ყველა ოქმი და რეკომენდაცია ღიაა და სხდომის დასრულების შემდეგ ქვეყნდება იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

კომისია საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე შეიკრიბება 2 კვირაში ერთხელ მაინც, ხოლო რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ − არანაკლებ კვირაში ერთხელ. კომისია განიხილავს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის ფაქტებს; იმსჯელებს იმ შესაძლო დარღვევების შესახებ, რომელთაც კომისიას მოაწვდიან პოლიტიკური გაერთიანებები (საარჩევნო სუბიექტები) ან დამკვირვებელი ორგანიზაციები.

თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნის ხელშეწყობისთვის კომისია შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საჯარო მოსამსახურეებისადმი, ადმინისტრაციული ორგანოებისადმი, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისადმი და მიმართავს მათ შესაბამისი ღონისძიებების გონივრულ ვადაში გატარების მოთხოვნით.
უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შედიან სამინისტროების, მთავარი პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, თბილისის მერიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის, 2015 წლის შუალედური, 2016 წლის საპარლამენტო, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის და 2018 წლის შუალედური არჩევნების დროს აქტიურად მუშაობდა. აღნიშნული კომისიის მუშაობამ, რომელსაც ამ წლების განმავლობაში იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობდა, საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშებში მაღალი შეფასება დაიმსახურა.