იუსტიციის მინისტრმა 55-ე საზოგადოებრივი ცენტრი სოფელ ზედა საზანოში გახსნა

თარიღი: 10 სექტემბერი 2018

რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 55-ე საზოგადოებრივი ცენტრი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საზანოში გახსნა. თანამედროვე სტანდარტების ახალი შენობა სპეციალურად საზოგადოებრივი ცენტრისთვის აშენდა. ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში მოეწყო უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, სადაც, ელექტრონულ წიგნებთან ერთად, ბეჭდური გამოცემებიც იქნება დაცული.

საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, სადაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია ყველა ის საჯარო სერვისი, რომლებიც ქალაქების იუსტიციის სახლებში გაიცემა, ასევე, კომპანია „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურება, რაც პენსიონერებს - პენსიის სოფლიდან გაუსვლელად მიღების, ახალგაზრდებს კი -უკაბელო ინტერნეტით, კომპიუტერების დარბაზითა და ელექტრონული ბიბლიოთეკით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემს. საზოგადოებრივი ცენტრი ზედა საზანოსა და მის მიმდებარე 10 სოფელში (ზედა ალისუბანი, ქვედა ალისუბანი, თუზი, რუფოთი, სკანდე, მუჯირეთი, ჩიხორი, ვარდიგორა, ზოვრეთი, ქვედა საზანო) მცხოვრებ 12 000-მდე მოქალაქეს/მომხმარებელს მოემსახურება. საბანკო სერვისებით, მობილური ოპერატორის საშუალებით 24-საათიანი კავშირით, უკაბელო ინტერნეტითა და უფასო „სკაიპის“ ოთახით, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, სტუმრებიც ისარგებლებენ.

ცენტრში ათამდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდა. საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საზოგადოებრივ ცენტრში გაიხსნა გამოფენა -„საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“. ცენტრის სტუმრებმა საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული, 1918-21 წლების ამსახველი ისტორიული ფოტო და დოკუმენტური მასალები დაათვალიერეს. ანალოგიური გამოფენა უკვე მოეწყო საზოგადოებრივ ცენტრებში: ლანჩხუთში, აწყურსა და სანიორეში.

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ თემატურ გამოფენას წელს გახსნილი ყველა საზოგადოებრივი ცენტრი უმასპინძლებს. იუსტიციის მინისტრმა ზედა საზანოს მოსახლეობასა და სტუმრებს ახალი საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა მიულოცა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: ტყიბული-თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი - ელგუჯა გოცირიძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი - ბონდო სოფრომაძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკრებულოს წევრები, მოწვეული სტუმრები, ადგილობრივი და ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა. ღონისძიების ფარგლებში, საზოგადოებრივი ცენტრის საქმიანობისა და ფუნქციების შესახებ სახალისო ვიქტორინა ჩატარდა. ბავშვებს კი ცენტრის თანამშრომლებმა შემეცნებით-გასართობი პროგრამა წარუდგინეს. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, საზეიმო კონცერტი და სპეციალური გასართობი შოუ გაიმართა. იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრები ძირითადად ორიენტირებული არიან ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე. აღნიშნული ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ.

ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია იუსტიციის სახლის სერვისების გარდა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სერვისებითაც ადგილზე ისარგებლოს (მაგალითად, სასკოლო ატესტატი). დღეისათვის, ზედა საზანოს გარდა, უკვე 54 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს: ზეინდარში, შაშიანში, სართიჭალაში, გომში, რუისში, ჭალადიდში, ხევში, მანგლისში, კოდაში, ფოკაში, ნიგოითში, ჯვარში, შორაპანში, ყვარელწყალში, მუხაესტატეში, გეგუთში, მეჯვრისხევში, კაჭრეთში, ხიდისთავში, ნუკრიანში, კორბოულში, ღორეშაში, კაზრეთში, შილდაში, ორსანტიაში, ქვემო ნატანებში, კაბალში, ლენტეხში, ჩაქვში, ხრეითში, სადახლოში, რუხში, დიდ ჯიხაიშში, მარტყოფში,

იორმუღანლოში, არხილოსკალოში, ტყვიავში, ვალეში, ბერძენაულში, უსახელოში, კიცხში, ლაჯანაში, ბარალეთში, კუმურდოში, წალკაში, კოხნარში, ბაკურიანში, თბილისში (გლდანში), მეორე სვირში, ფასანაურში, ჯგალში, ლანჩხუთში აწყურსა და სანიორე/ნაფარეულში.