უწყებათაშორისმა კომისიამ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის მეშვიდე სხდომა გამართა

თარიღი: 05 ოქტომბერი 2018

უწყებათაშორისმა კომისიამ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის მეშვიდე სხდომა გამართა. სხდომას უძღვებოდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. ღონისძიებას ესწრებოდნენ კომისიის წევრები − აღმასრულებელი ხელისუფლების, საარჩევნო პროცესში ჩართული პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კომისიამ საარჩევნო სუბიექტების მიერ შემოტანილ განცხადებებსა და მედიამონიტორინგის შედეგად მიღებულ რამდენიმე საკითხზე იმსჯელა. კერძოდ, კომისიამ მოუსმინა „მრავალეროვანი საქართველოს” წარმომადგენელს, რომელმაც ისაუბრა გარდაბანში სააგიტაციო მასალის დაზიანებაზე (სხვა კანდიდატის პლაკატების გადაკვრა), ახალციხეში სააგიტაციო მასალის კანონდარღვევით განთავსებასა და ნინოწმინდაში ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენებაზე. კომისიამ რეგიონული განვითარების სამინისტროსაგან მოისმინა ინფორმაცია სამივე შესაძლო ინციდენტზე რეაგირების შესახებ.

„ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიამ“ დააყენა პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერის დაზიანების საკითხი. როგორც უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, საქმე ეხება სხვისი ქონების შესაძლო დაზიანებას, ამიტომ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ფოტომასალა გადაგზავნილია საგამოძიებო ორგანოებში.

კომისიამ მოუსმინა პოლიტიკური გაერთიანების − „ძალა ერთობაშია“ − წარმომადგენელს ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელმაც მასზე განხორციელებულ ვერბალურ აგრესიაზე ისაუბრა კომისიის თავმჯდომარისა და პოლიციელის მხრიდან. შს მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მონათხრობი არ შეიცავს დანაშაულის ან გადაცდომის ნიშნებს, გამოძიება დაიწყო დაუყოვნებლივ. 20-მდე პირია დაკითხული, რომელთა მონათხრობი არ ემთხვევა დაზარალებულის ვერსიას, ამიტომ გამოძიებას აქვს დამატებითი კითხვები პოლიტიკური გაერთიანების − „ძალა ერთობაშია“ − წარმომადგენელთან და ის ხვალ არის დაბარებული გამოკითხვაზე.

კომისიამ მოისმინა ცესკო-ს ინფორმაცია საია-ს განცხადების შესახებ, რომელიც ეხებოდა ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენებას. კერძოდ, პარლამენტისა და თბილისის მთავრობის ვებგვერდებზე ფოტომასალის განთავსებას, რომელიც ასახავს აფხაზეთის ომის გმირებისათვის პატივის მიგების ცერემონიალს, სადაც პარლამენტის თავმჯდომარესა და ქალაქის მერთან ერთად პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა. ცესკო-ს წარმომადგენლის თქმით, საკითხი შესწავლის ეტაპზეა და საბოლოო გადაწყვეტილება უწყებათაშორის კომისიას უახლოეს დღეებში ეცნობება. კიდევ ერთი საკითხი, რასაც ცესკო სწავლობს, საარჩევნო ტოტალიზატორის მოწყობის თემას ეხება, რომლის ინიციატივა პოლიტიკურ გაერთიანება „გირჩს“ ეკუთვნის.
უწყებათაშორისი კომისია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე 2018 წლის 1 ივლისს შეიქმნა, როგორც ამას საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის კომისიის მიზანია წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვა, არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება.

კომისია უზრუნველყოფს უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაციას და ხელს უწყობს დიალოგს საქართველოს მთავრობასა და არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის. უწყებათაშორისი კომისია ითანამშრომლებს საარჩევნო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებსა და ბლოკებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამკვირვებლებთან. კომისიის სხდომაზე საკითხის დაყენების უფლება აქვთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პოლიტიკურ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციას თუ დამკვირვებელს. მედიის წარმომადგენლებს როგორც სხდომის დაწყების, ისე დასრულების შემდეგ საშუალება აქვთ, გაესაუბრონ მათთვის სასურველ რესპონდენტს. ამასთან, სხდომის ყველა ოქმი და რეკომენდაცია ღიაა და სხდომის დასრულების შემდეგ ქვეყნდება იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

კომისია საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე 2 კვირაში ერთხელ იკრიბებოდა, ხოლო რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ, 28 სექტემბრიდან − არანაკლებ კვირაში ერთხელ შეიკრიბება. კომისია განიხილავს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის ფაქტებს; იმსჯელებს იმ შესაძლო დარღვევების შესახებ, რომელთაც კომისიას მოაწვდიან პოლიტიკური გაერთიანებები (საარჩევნო სუბიექტები) ან დამკვირვებელი ორგანიზაციები.

თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნის ხელშეწყობისთვის კომისია შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საჯარო მოსამსახურეებისადმი, ადმინისტრაციული ორგანოებისადმი, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისადმი და მიმართავს მათ შესაბამისი ღონისძიებების გონივრულ ვადაში გატარების მოთხოვნით.

უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შედიან სამინისტროების, მთავარი პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, თბილისის მერიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის, 2015 წლის შუალედური, 2016 წლის საპარლამენტო, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის და 2018 წლის შუალედური არჩევნების დროს აქტიურად მუშაობდა. აღნიშნული კომისიის მუშაობამ, რომელსაც ამ წლების განმავლობაში იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობდა, საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშებში მაღალი შეფასება დაიმსახურა.