თეა წულუკიანმა სომხეთის იუსტიციის მინისტრი საქართველოში, ახალქალაქის იუსტიციის სახლის გახსნაზე მოიწვია

თარიღი: 11 ოქტომბერი 2018
თეა წულუკიანმა სომხეთის იუსტიციის მინისტრი საქართველოში, ახალქალაქის იუსტიციის სახლის გახსნაზე მოიწვია
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ერევანში მიმდინარე ფრანკოფონიის მე-17 მსოფლიო სამიტის ფარგლებში სომეხ კოლეგა არტაკ ზეინალიანს შეხვდა. ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა იუსტიციის სფეროში სომხეთ-საქართველოს ურთიერთობის ტრადიციებზე ისაუბრეს და სამომავლო ურთიერთობის საკითხები განიხილეს. თეა წულუკიანმა არტაკ ზეინალიანს საქართველოში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით გატარებული რეფორმები და უწყების სამომავლო გეგმები გააცნო. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ორმხრივ შეხვედრაზე მართლმსაჯულების რეფორმის, ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის, სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობისა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფები ამ სფეროებში გამოცდილების გაზიარებისთვის; შევთანხმდით, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, იუსტიციის სახლები, ერთობლივად გავხსნათ იმისათვის, რომ ჩვენმა კოლეგებმა ადგილზე ნახონ, რაოდენ მნიშვნელოვანია სერვისების ხელმისაწვდომობა მოქალაქეებისათვის, და პირველი ასეთი გახსნა ძალიან მალე იქნება − ჩვენ ერთობლივად გავხსნით ახალქალაქის იუსტიციის სახლს; შევთანხმდით, რომ ქართველი და სომეხი მსჯავრდებულები გადაეცემიან შესაბამის ქვეყნებს, რათა ოჯახებს გაუადვილდეთ კონტაქტი თავიანთ პატიმრებთან სასჯელის მოხდის პერიოდში“, − განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.
თეა წულუკიანი ერევანში ფრანკოფონიის მე-17 მსოფლიო სამიტში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება. სამიტი ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის პატრონაჟით იმართება. ღონისძიებას 40-მდე ქვეყნის სახელმწიფო მეთაურები − პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები და მინისტრები ესწრებიან.