უწყებათაშორისმა კომისიამ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის მეთერთმეტე სხდომა გამართა

თარიღი: 02 ნოემბერი 2018
უწყებათაშორისი კომისია საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ პირველად შეიკრიბა. რიგით მეთერთმეტე სხდომას უძღვებოდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. ღონისძიებას ესწრებოდნენ კომისიის წევრები − აღმასრულებელი ხელისუფლების, საარჩევნო პროცესში ჩართული პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
 
იუსტიციის მინისტრმა უწყებათაშორისი კომისიის წევრებს არჩევნების მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება მიულოცა და აღნიშნა, რომ კომისია ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს მეორე ტურის  საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე.
 
კომისიამ კენჭისყრის დღეს გამოვლენილი დარღვევებისა და  მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მთავარი პროკურატურისა და შსს-ოს ანგარიში მოისმინა, ცესკო-ს წარმომადგენლისაგან კი, ინფორმაცია მიიღო არჩევნების მეორე ტურის ჩატარებასთან დაკავშირებით.
 
შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, კენჭისყრის დღემდე, ჯამში 15 პირი იქნა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული. არჩევნების დღეს და მომდევნო დღეებში შესაძლო დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა და გამოძიება დაიწყო 14 შემთხვევაში. კიდევ თვრამეტი ფაქტი, რომელზედაც შემოვიდა შეტყობინება, ან არ დადასტურდა, ან მათში დანაშაულის ნიშნები არ აღმოჩნდა. მთავარი პროკურორის მოადგილემ აღნიშნა, რომ ახალქალაქის ინციდენტთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე,  5 პირს წარედგინება ბრალი, ფაქტზე გამოძიება გრძელდება და ყველა სხვა პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, პასუხს აგებს კანონის წინაშე.

მეორე ტურის ჩატარების თარიღზე განმარტებები გააკეთა ცესკოს წარმომადგენელმა. მისი თქმით, კენჭისყრის თარიღის გამოცხადება დამოკიდებულია საჩივრების განხილვის პროცესის მიმდინარეობაზე და ის სამართლებრივი პროცედურის სრულად ამოწურვის შემდეგ განისაზღვრება.

კომისიამ განიხილა „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ თავმჯდომარე გრიგოლ გაგნიძის მიერ წარმოდგენილი განცხადებები, რომლებიც ეხებოდა შესაძლო კანონდარღვევებს კენჭისყრის დღეს. კერძოდ, შესაძლო ზეწოლა „გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენელთა მხრიდან ზუგდიდსა და ახალქალაქში; სააგიტაციო მასალის დაზიანება ლაგოდეხში. კომისიამ ამ ფაქტებზე შესაბამისი უწყებების რეაგირების შესახებაც მიიღო ინფორმაცია. დარღვევები შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნება და მათზე რეაგირების შესახებ შემდეგ სხდომაზე გახდება ცნობილი.

დამკვირვებლებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ შემოტანილი განცხადებების შემდეგ უწყებათაშორისმა კომისიამ მედიამონიტორინგის შედეგად მოპოვებული ინფორმაციაც განიხილა, იმსჯელა საარჩევნო უბნებზე აგიტატორების მხრიდან ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლო შემთხვევებზე; ახალქალაქის ინციდენტზე, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელსა და შტაბის წევრებზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა; ზუგდიდის ერთ-ერთ უბანზე კომისიის წევრის მიერ საარჩევნო ყუთში  რამდენიმე კონვერტის ერთად მოთავსების შესახებ, რომელსაც  „საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველოს“ დამკვირვებელი შეესწრო.
 
კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ამომრჩევლის ნებაზე აგიტატორების შესაძლო ზემოქმედების საკითხი, სასურველი იქნება, საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს, რადგან დღევანდელი რეგულაციებით, ეს ქმედება კანონდარღვევად არ ითვლება. “საერთაშორისო გამჭვირვალობის” განცხადებაზე კომისიას ინფორმაცია მიაწოდა ცესკოს წარმომადგენელმა. მისი თქმით, ზუგდიდის აღნიშნულ უბანზე კანონდარღვევა არ დადასტურდა - ბიულეტენების ჭარბი რაოდენობა საარჩევნო ყუთში არ აღმოჩნდა. კიდევ ერთი შესაძლო დარღვევა, რომლის შესახებაც კომისიას ინფორმაცია სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა მიაწოდეს, კენჭისყრის დღეს ხონის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე აგიტაცია იყო, რომელსაც „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი უგულავა ეწეოდა.
 
უწყებათაშორისი კომისია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე 2018 წლის 1 ივლისს შეიქმნა, როგორც ამას საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის კომისიის მიზანია წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვა, არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება.
 
კომისია უზრუნველყოფს უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაციას და ხელს უწყობს დიალოგს საქართველოს მთავრობასა და არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის. უწყებათაშორისი კომისია თანამშრომლობს საარჩევნო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებსა და ბლოკებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამკვირვებლებთან. კომისიის სხდომაზე საკითხის დაყენების უფლება აქვთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პოლიტიკურ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციას თუ დამკვირვებელს. მედიის წარმომადგენლებს როგორც სხდომის დაწყების, ისე დასრულების შემდეგ საშუალება აქვთ, გაესაუბრონ მათთვის სასურველ რესპონდენტს. ამასთან, სხდომის ყველა ოქმი და რეკომენდაცია ღიაა და სხდომის დასრულების შემდეგ ქვეყნდება იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.
 
კომისია საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე 2 კვირაში ერთხელ იკრიბებოდა, ხოლო რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ, 28 სექტემბრიდან − არანაკლებ კვირაში ერთხელ იკრიბება. კომისია განიხილავს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის ფაქტებს; იმსჯელებს იმ შესაძლო დარღვევების შესახებ, რომელთაც კომისიას მოაწვდიან პოლიტიკური გაერთიანებები (საარჩევნო სუბიექტები) ან დამკვირვებელი ორგანიზაციები.
 
თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნის ხელშეწყობისთვის კომისია შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საჯარო მოსამსახურეებისადმი, ადმინისტრაციული ორგანოებისადმი, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისადმი და მიმართავს მათ შესაბამისი ღონისძიებების გონივრულ ვადაში გატარების მოთხოვნით.
 
უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შედიან სამინისტროების, მთავარი პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, თბილისის მერიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები.
 
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია აქტიურად მუშაობდა 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის, 2015 წლის შუალედური, 2016 aწლის საპარლამენტო, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის და 2018 წლის შუალედური არჩევნების დროს. აღნიშნული კომისიის მუშაობამ, რომელსაც ამ წლების განმავლობაში იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობდა, საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშებში მაღალი შეფასება დაიმსახურა.