ქართული დელეგაცია „ღია მმართველობის პარტნიორობის“ აზიის რეგიონულ შეხვედრაში მონაწილეობს

თარიღი: 05 ნოემბერი 2018
 
 

 
იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, „OGP Forum“-ის თავმჯდომარე ზურაბ სანიკიძემ, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ აზიის რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება „დემოკრატიის ხელშეწყობა, მმართველობის გაუმჯობესება, ნდობის გაღრმავება“ ქალაქ სეულში მიმდინარეობს.
 
„OGP“-ის აზიის რეგიონული შეხვედრის მიზანი რეგიონების ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება იყო. სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ორი დღის განმავლობაში განიხილავდნენ პოზიტიურ მაგალითებს და მსჯელობდნენ სამომავლო გეგმებზე. ზურაბ სანიკიძემ საქართველოს, როგორც პარტნიორობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყნის, გამოცდილება გაუზიარა შეხვედრის მონაწილეებს, რომელთაც საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში ქვეყნის მიღწევებსა და გამოწვევებზე ესაუბრა და საქართველოს მიერ 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებები გააცნო. 
 
„ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივა (Open Government Partnership) ეკუთვნით აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას და ბრაზილიის პრეზიდენტ დილმა რუსეფს, რომელიც მათ 2011 წელს 8 ქვეყნის ინიციატივად დააფუძნეს. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც 2011 წელს „OGP“-ის შეუერთდა და, უკვე რეალიზებული სამი სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა. 2014 წელს საქართველო „OGP“-ის მმართველო კომიტეტის წევრი გახდა, ხოლო 2016 წელს − თავმჯდომარე სახელმწიფო 2017-2018 წლების ვადით. როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, საქართველომ 2018 წლის 17-19 ივლისს „OGP“-ის მეხუთე გლობალურ სამიტს უმასპინძლა.