იუსტიციის მინისტრმა სენაკში 22-ე იუსტიციის სახლი გახსნა

თარიღი: 28 დეკემბერი 2018

2019 წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, იუსტიციის მინისტრმა სენაკელებს ახალი წელი იუსტიციის სახლის გახსნით მიულოცა. თეა წულუკიანმა სენაკში რიგით ოცდამეორე იუსტიციის სახლი საზეიმოდ გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლები, სენაკელები და სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩამოსული სტუმრები.

სენაკის იუსტიციის სახლი ზუგდიდის, ფოთისა და მარტვილის შემდეგ მეოთხე ფილიალია სამეგრელოს რეგიონში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისის მიღებას მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოში შეძლებს. ეს უკვე მეორე იუსტიციის სახლია, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბერში სამეგრელოში გაიხსნა.

სენაკის მცხოვრებლებს იუსტიციის სახლთან ერთად, ქორწინებისათვის სპეციალურად მოწყობილი სივრცეც ექნებათ. ამ დრომდე სენაკის მუნიციპალიტეტში ქორწინების საზეიმო სივრცე არ არსებობდა. წყვილებს შეეძლოთ, მხოლოდ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სენაკის ფილიალისთვის მიემართათ, სადაც ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო რიტუალის გარეშე მიმდინარეობდა. დღეიდან ნებისმიერ წყვილს აქვს საშუალება, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმოს სენაკის თანამედროვე დიზაინის ქორწინების სახლში, სადაც მათ სპეციალური საქორწინო-სადღესასწაულო დეკორაციით მოწყობილი სივრცე დახვდებათ.

სენაკში იუსტიციის სახლი არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანის პროექტით აშენდა და ის 531 კვადრატული მეტრია.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ იუსტიციის სახლის გახსნის აღსანიშნავად სენაკში გრანდიოზული კონცერტი გაიმართა, მოეწყო გასართობი ღონისძიებები ბავშვებისათვის, საღამო კი ფოიერვერკით დასრულდა. სენაკის იუსტიციის სახლი ბოლო წლების განმავლობაში აშენებული მეათე ფილიალია. 2013 წლიდან დღემდე უკვე აშენდა და გაიხსნა ზუგდიდის, ფოთის, თიანეთის, ყაზბეგის, ბორჯომის, ლაგოდეხის, ონის, ახალქალაქის, მარტივილის იუსტიციის სახლები.

2019 წელს ფილიალები კიდევ ხონში, ბოლნისში, ხაშურში, სამტრედიასა და წყალტუბოში გაიხსნება.