საქართველომ იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით ბოლო 6 წლის განმავლობაში ყველა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია

თარიღი: 05 თებერვალი 2019

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივა არის ორგანიზაცია, სადაც საქართველომ ბოლო 6 წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროსა და პირადად მინისტრის ხელმძღვანელობით, რომელიც აღმასრულებელი კომიტეტის წევრია, ყველა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, კერძოდ:
 2013 წელს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ყოველწლიურ სამიტზე ლონდონში ქართული რეფორმა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სფეროში 7 ყველაზე წარმატებულ პროექტს შორის დაასახელეს;
 2014 წელს საქართველო „OGP“-ის მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს;
 2015 წელს მექსიკის გლობალურ სამიტზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან წარმატებული თანამშრომლობისათვის ღია მმართველობის ჩემპიონის ჯილდო გადაეცა;
 2015 წელს თბილისში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ევროპის რეგიონული კონფერენცია გაიმართა. საქართველო პირველი ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც პარტნიორობის მაღალი დონის შეხვედრას უმასპინძლა;
 2016 წელს საქართველო „OGP“-ის თანათავმჯდომარე ქვეყნად აირჩიეს;
 2017 წელს საქართველომ „OGP“-ის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი საფრანგეთისგან ოფიციალურად გადმოიბარა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მსოფლიოს 75-ზე მეტი ქვეყნის გაერთიანებას საქართველო ხელმძღვანელობდა.

2018 წელს საქართველომ, როგორც „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყანამ, „OGP“-ის მსოფლიო სამიტს უმასპინძლა. ღონისძიებას 100-მდე ქვეყნის 2500-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო, მათ შორის, სახელმწიფოთა ლიდერები და მაღალი რანგის სტუმრები, სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელები, დარგის ექსპერტები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ მედიის წარმომადგენლები. მმართველი კომიტეტის შეხვედრაზე მიღებულ იქნა სამიტის თბილისის რეზოლუცია, რომელშიც „OGP“-ის 6-წლიანი მმართველობის განმავლობაში პირველად იქნა შეტანილი ორი საკითხი: ღია მმართველობის პროცესში არა მხოლოდ მთავრობების, არამედ პარლამენტების, სასამართლოსა და მუნიციპალიტეტების ჩართვაც და ქალთა და გოგონათა უფლებების შესახებ ჩანაწერი. სამიტს როგორც „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამდივნოს, ისე მონაწილე და ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნების უმაღლესი შეფასება მოჰყვა; კერძოდ: „საქართველომ ფაქტობრივად სამიტის სტანდარტი დაადგინა“; „თითოეული შეხვედრა და პანელი იყო ძალიან საინტერესო და პროდუქტიული“; „იშვიათია ამ მასშტაბის სამიტი, რომელიც ასეთ მაღალ დონეზეა ორგანიზებული“.
ამდენად, საქართველო „OGP“-ის წარმატებული ქვეყანაა და მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ჩაერთონ ღია მმართველობის პროცესში არა მარტო მთავრობები, არამედ პარლამენტი და მუნიციპალიტეტები. მიღწეულის კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანისა და სამთავრობო უწყებების 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის ეფექტურად შესრულების მიზნით „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამდივნო პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება და ის პირადად გააკონტროლებს იმ ვალდებულებების შესრულებას, რომელთა ძალითაც უწყებებმა იკისრეს უფრო ღია, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი მმართველობის დანერგვა ყველა მიმართულებით.
საქართველოს მთავრობა ერთ-ერთი ყველაზე ღია და გამჭვირვალე მთავრობაა პარტნიორობის წევრ ქვეყანათა შორის − 2013 წლიდან მოქმედებს საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც საჯარო უწყებებს ავალდებულებს, პროაქტიულად გამოაქვეყნონ საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით, ისე, რომ არ დაელოდონ მოთხოვნას;

საქართველოს მთავრობისათვის ღია მმართველობა ქვეყნის მართვის ძირითადი პრინციპია − 2012 წლის ოქტომბრიდან საქართველოში ფართომასშტაბიანი რეფორმები ტარდება ინსტიტუციური დემოკრატიის დასამკვიდრებლად. ამ რეფორმების მთავარი მიზანი ეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება, მათი გამჭვირვალობისა და ღიაობის გაზრდაა;

საქართველო კორუფციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რისკის მქონე ქვეყანაა მსოფლიოში − საერთაშორისო კვლევების (2016 წლის) თანახმად, კორუფციის რისკების მიხედვით, მსოფლიო ინდექსში საქართველო მე-13 ადგილზეა. ის უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: ნორვეგია, შვეიცარია, ჰოლანდია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ავსტრია;

სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით საქართველო სამაგალითოა არა მხოლოდ რეგიონული, არამედ მსოფლიო მასშტაბით − სერვისები ხელმისაწვდომი, სწრაფი და კომფორტულია არა მარტო დიდ ქალაქებში, არამედ დაბებსა და სოფლებშიც, რასაც იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები უზრუნველყოფენ; ამ უკვე ცნობილ ბრენდებს მალე ბიზნესსახლიც შეემატება;

საქართველოს აქვს მმართველობაში მოქალაქეების ჩართულობისა და მონაწილეობის სამაგალითო მექანიზმი − ღია მმართველობის ფორუმი, რომლის ფარგლებშიც მთავრობა უწყვეტი დიალოგის რეჟიმშია არასამთავრობო სექტორსა და საზოგადოებასთან;

სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის გამარტივებული ურთიერთობის მექანიზმია პორტალი „mygov.ge“ – საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტის საშუალებით ამ ვებგვერდიდან მიიღონ 70-ზე მეტი მომსახურება. პორტალზე წვდომა შესაძლებელია ტაბლეტებითა და სმარტფონებითაც